თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველშვილმა სამშაბათს ბრიგადის გენერლის ვლადიმერ ჩაჩიბაიას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა.
გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის უფლებამოსილება 22 ნოემბერს ამოიწურა. კაპანაძის თანამდებობიდან მოხსნის შესახებ განკარგულება პრეზიდენტმა ასევე სამშაბათს გამოსცა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს სამი წლის ვადით საქართველოს პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრის წარდგინებით ნიშნავს.
ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია 1971 წლის ნოემბერში დაიბადა. სხვადასხვა წლებში მან სამხედრო განათლება მიიღო როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში. საქართველოს შეიარაღებული ძალებში ვლადიმერ ჩაჩიბაია 1989 წლიდან ირიცხება. 1989 წლიდან 1991 წლამდე ის საქართველოს საჰაერო ძალებში მსახურობდა. მოგვიანებით ჩაჩიბაია ეროვნულ გვარდიაში გადავიდა, სადაც სერჟანტის წოდება მიიღო.
სამხედრო სამსახურის პერიოდში ჩაჩიბაია დაზვერვის ასეულშიც მსახურობდა. 2008 წელს ვლადიმერ ჩაჩიბაია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მუშაობის ერთი წლის შემდეგ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გახდა.
2009 წელს ვლადიმერ ჩაჩიბაია საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტს იკავებს. 2010-2012 წლებში აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა.
ვლადიმერ ჩაჩიბაიამ 2012 წელს დაიკავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობა. 2015 წელს გაეროს დახმარების მისიის (UNAMA) უფროსი სამხედრო მრჩევლის რანგში ავღანეთში გაემგზავრა.
ერთი წლის შემდეგ ჩაჩიბაია სამშობლოში დაბრუნდა და საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი გახდა. 2016 წლის აგვისტოში ვლადიმერ ჩაჩიბაია ისევ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე გახდა.