თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სამხედრო-საჰაერო ძალების ახალი სარდლის სერგო ნინუასა და საჰაერო თავდაცვის შტაბის მეთაურის გიორგი ცაბაძის ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ შესაძლო კავშირის შესწავლას შეუდგა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ სამინისტროზე დაყრდნობით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილის ვლადიმერ ჩაჩიბაიას წარდგენით ვიცე-პოლკოვნიკები ნინუა და ცაბაძე აღნიშნულ თანამდებობებზე გასულ კვირაში დანიშნა.
ამის შემდეგ თადარიგის ოფიცერმა დავით ნემსაძემ „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც განაცხადა, რომ ნინუა და ცაბაძე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს პირად შემადგენლობას ბრძანებას აძლევდნენ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიეცათ ხმა. ამასთან, ისინი, თითქოსდა, ამცირებდნენ სამხედროებს, მწყობრში ახევდნენ სამხედრო ნიშნებს მუნდირიდან.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“, თავის მხრივ, ირწმუნება, რომ ნინუა და ცაბაძე ამ თანამდებობებზე დანიშვნისთვის ვერ აკმაყოფილებენ რიგ აუცილებელ კრიტერიუმებს — ოფიცრად მსახურების წლებს, სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის აუცილებელ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და უცხო ენის ცოდნის დონეს.
უფრო მეტიც, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელ თანამდებობებზე კანდიდატები სპეციალურმა კომისიამ უნდა შეარჩიოს, რაც არ მომხდარა, აღნიშნავს ტელეკომპანია.
ჩაჩიბაიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ნინუასა და ცაბაძის დანიშვნით კანონი არ დარღვეულა.
„იქიდან გამომდინარე, რომ ე.წ. ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ვიმყოფებით და გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ მოქმედებას ითხოვს, ჩვენ გვერდი ავუარეთ შიდა რეგულაციებს, მაგრამ ამით კანონი არ დაგვირღვევია“, — განაცხადა ჩაჩიბაიამ.
მისი თქმით, ნინუას ხედვა საჰაერო სარდლობისა და ავიაციის განვითარებასთან დაკავშირებით სრულად დაემთხვა ხელისუფლების, ასევე პარტნიორი ქვეყნებისა და ექსპერტების ხედვებს.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების რეფორმირებაა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მაგალითად ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა მოიტანა, რომლის შეძენასაც საქართველო საფრანგეთისგან აპირებს, რითიც თავისი საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ამასთან, საქართველო უპილოტო საფრენი აპარატების აქტიურ გამოყენებას აპირებს, რომლებსაც ქვეყანა თავად აწარმოებს.