სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 პარტია დაფინანსდება

© photo: Sputnik50 ლარიანი კუპიურები
50 ლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მმართველი პარტია ყოველწლიურად 2 მლნ ლარზე მეტს მიიღებს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ – 1 მლნ-ზე მეტ ლარს.

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში სახელმწიფო დაფინანსებას ის 20 პარტია მიიღებს, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივ არჩევნებზე დამოუკიდებლად ან ბლოკის შემადგენლობაში მინიმუმ 3% დააგროვეს, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებაში.

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს ახალ მთავრობას კვირის ბოლოს დაამტკიცებენ

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, აუცილებელი 3%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ბლოკმა და სამმა პარტიამ. თუმცა, პარლამენტში მათგან სამი პოლიტიკური სუბიექტი შევიდა (პარლამენტში შესასვლელად 5%-იანი ბარიერის გადალახვაა საჭირო).

ამგვარად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ყოველწლიურად მიიღებს 2 მილიონ ლარზე მეტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 1 მლნ ლარზე მეტს, ხოლო „ნაცმოძრაობის“ შემადგენლობაში პარტია „ევროპული საქართველო“ – 895 ათას ლარს.

„პატრიოტთა ალიანსი“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება 744 ათასი ლარით.

საარჩევნო ბლოკში „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ შემავალი პარტიები: „საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი“, „თავისუფალი საქართველო“, „თავისუფლება — ზვიად გამსახურდიას გზა“, „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ და „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, თითოეული 87 ათასი ლარის ოდენობის დაფინანსებას მიიღებს.

ბლოკში „ნინო ბურჯანაძე — დემოკრატიული მოძრაობა“ შემავალი პარტიებიდან „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ მიიღებს 997 ათას ლარს, ხოლო პარტია „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო“ – 241 ათას ლარს.

სახელმწიფო დაფინანსება ეკუთვნის ასევე პარტიებს ბლოკიდან „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისთვის“. ბლოკის წევრებიდან „სახელმწიფო ხალხისთვის“ და „სამოქალაქო პლატფორმა — ახალი საქართველო“ — თითოეული მიიღებს 195,5 ათას ლარს.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ მიიღებს წელიწადში 512 ათას ლარს, ხოლო „ლეიბორისტული პარტია“ – 472 ათას ლარს.

რაც შეეხება 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებს, სახელმწიფო დაფინანსება ექვს პარტიას ეკუთვნის.

იმ პარტიებიდან, რომლებმაც ადგილობრივ არჩევნებზე 3%-იანი ბარიერი გადალახეს, თითოეული პოლიტიკური სუბიექტისთვის 236,5 ათასი ლარია გათვალისწინებული. ეს პარტიებია: „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და „ეროვნული ფორუმი“. კიდევ ერთი პარტია — „ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“ 598 ათას ლარს მიიღებს.

პარტიების დაფინანსება კანონის „საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ თანახმად ხდება.

ყველა ახალი ამბავი
0