მუფთი: ქალთა წინადაცვეთა ისლამს არ უკავშირდება

© photo: Sputnik / Denis Aslanovთბილისის მეჩეთი
თბილისის მეჩეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისლამური ტრადიციები ქალთა წინადაცვეთას არ ითვალისწინებს. დასავლეთ საქართველოს მუფთის განცხადებით, ვინც ეს თემა წამოსწია, ისლამოფობიას უწყობს ხელს.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ქალთა წინადაცვეთა მსოფლიოს უამრავ ხალხთან გვხვდება ჯერ კიდევ ისლამის გაჩენამდე და ის ამ რელიგიას არანაირად არ უკავშირდება, განაცხადა დასავლეთ საქართველოს მუფთიმ ბეგლარ ქამაშიძემ.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კახეთის სამ სოფელში ქალთა წინადაცვეთა ხდება.

„ესაა ისლამამდე არსებული ტრადიცია, ეს ისლამის ტრადიცია არაა. ცალკეულ ადგილებში, არაბულ ქვეყნებსა და აფრიკაში დღემდეა შემორჩენილი, მაგრამ ამდენი ხანია საქართველოში ვცხოვრობ და პირველად გავიგე, რომ ასეთი რამ ჩვენთან ხდება. არ ვიცი, ვინ წამოსწია ეს თემა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს ისლამოფობიას უკავშირდება, რათა აჩვენონ, რომ ისლამი ქალთა უფლებებს ზღუდავს“, — განუცხადა ქამაშიძემ „Sputnik საქართველოს“.

საქართველოს სახალხო დამცველი - Sputnik საქართველო
ყვარლის რაიონის სოფლებში გოგონების წინადაცვეთა ხდება

ეს ქმედება ისლამის კანონებს ეწინააღმდეგება, ჩვენი რელიგია არ ამბობს, რომ წინადაცვეთა ქალებმაც უნდა ჩაიტარონ, ეს სიმართლე არაა, აღნიშნა მან. მუფთიმ ასევე უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ წინადაცვეთის მეშვეობით ადამიანი მუსულმანი ხდება.

„ამბობდნენ, თითქოს წინადაცვეთით მუსლიმი ხდები, შეადარეს ქრისტიანობაში მონათვლას. ეს ასე არ არის. ისლამის პირობაა ღმერთის აღიარება, ღმერთის ერთიანობის აღიარება და მუჰამედის მოციქულად აღიარება. აი, ესაა საკმარისი იმისთვის, რომ მუსლიმი გახდეთ“, — აღნიშნა ქამაშიძემ.

ამგვარი ქმედებების ისლამისთვის მიწერა მორწმუნე მუსლიმისთვის მიუღებელია, ხოლო თუ ვინმე თავის რაღაც ტრადიციებს ინარჩუნებს და მასზე უარს არ ამბობს, ეს სამედიცინო დაწესებულებაში მაინც უნდა გააკეთოს და არა სახლის პირობებში, სხვაგვარად ეს დანაშაულია, თქვა ქამაშიძემ.

თბილისური მეჩეთი და ნარიყალა - Sputnik საქართველო
მუფთი: საქართველო ის ქვეყანაა, სადაც სუნიტები და შიიტები ერთად ლოცულობენ

„აი, ნახეთ, ვიღაცამ რაღაც ცუდი ჩაიდინა და განაცხადა, რომ ეს ისლამის სახელით გააკეთა და შექმნა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“. მუსლიმი, რომელიც ღვთის კანონებით ცხოვრობს, შეძლებს ადამიანის მოკვლას? – არა. იგივეა აქაც, მიაკუთვნეს ისლამს ის, რაც ჩვენ რელიგიაში არ არის, რათა ხალხს შესძულდეს ისლამი“, — აღნიშნა ქამაშიძემ.

ქალთა წინადაცვეთა ქალის გარე გენიტალიების სრული ან ნაწილობრივი მოკვეთაა. როგორც წესი, ეს ხდება რელიგიური, რიტუალური მოსაზრებებიდან გამომდინარე და სამედიცინო დაწესებულებების მიღმა.

თბილისის ჯუმა მეჩეთი - Sputnik საქართველო
თბილისური მეჩეთის ხიბლი, დროებითი ქორწინება და ბოლნისელი ბიჭის შეცვლილი ცხოვრება

მსგავსი პრაქტიკა ყვარლის რაიონის სამ სოფელში ხორციელდება. საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმებმა ამ პრაქტიკის თაობაზე არ იცოდნენ, ხოლო პოლიციის რაიონულ განყოფილებაში ვერც ერთი ფაქტის დადასტურება ვერ შეძლეს. სახალხო დამცველი მოითხოვს, რომ პარლამენტმა ევროსაბჭოს კონვენციის რატიფიცირება მოახდინოს.

საქართველომ 2014 წელს ხელი მოაწერა ევროსაბჭოს კონვენციას „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციაზე“, სადაც ცალკე მუხლი ეთმობა „ქალის გენიტალიების დასახიჩრებას“. კონვენცია სახელმწიფოებს მოუწოდებს მიიღონ ყველა ზომა, რომ კრიმინალიზებულ იქნას ქალთა და გოგონათა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა — როგორც განხორციელება, ისე წაქეზება, გარიგება ან იძულება.

„იუნისეფის“ მონაცემებით, წინადაცვეთის პროცედურა გადატანილი აქვს მსოფლიოს 30 ქვეყნის სულ ცოტა 200 მლნ ქალს, აქედან 66 მილიონი 15 წლისაც არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0