თბილისური მეჩეთის ხიბლი, დროებითი ქორწინება და ბოლნისელი ბიჭის შეცვლილი ცხოვრება

© photo: Sputnik / Denis Aslanovთბილისის ჯუმა მეჩეთი
თბილისის ჯუმა მეჩეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის პროექტი „გასეირნება ტფილისში“ საკუთარი კოლუმნისტის ჯუმა მეჩეთში სტუმრობას მიადევნებს თვალს.

ეკატერინე მიქარიძე

თბილისი უბრალოდ ქალაქი კი არა, სიმღერაა — ლამაზი და გულში ჩამწვდომი, უთბილესი მელოდიაა — სხვადასხვა საკრავით აჟღერებული: ავლაბრიდან გადმოღვრილი ზურნის ჰანგებით, ღვინის აღმართიდან აკვნესებული დუდუკითა და მეიდნიდან აქვითინებული საზით…

აბა, წარმოიდგინეთ: თბილისური აბანოები თავისი კოლორიტული მექისეებით, ჩაიხანები — მხცოვანი თბილისელების გაბმული ბაასითა და ნარდის თამაშითა და მეიდნიდან ახმიანებული უძველესი აღმოსავლური ჩანგი… 

მეიდანი უბრალოდ ძველი, ისტორიული უბანი კი არაა, ქალაქში აღმოსავლური კულტურის გულია. აქ ძველთაგან სახლობდნენ სპარსელები, აზერბაიჯანელები და თურქები. ცხოვრობდნენ, ვაჭრობდნენ, სახლებსა და სალოცავებს აშენებდნენ…

© Sputnik/ Denis Aslanov თბილისის ჯუმა-მეჩეთი არცერთ სხვას არ ჰგავს არქიტექტურით, რომელშიც ისლამი და ნეოგოთიკა ბრწყინვალედ შერწყმია ერთმანეთს
თბილისის ჯუმა-მეჩეთი არცერთ სხვას არ ჰგავს არქიტექტურით, რომელშიც ისლამი და ნეოგოთიკა ბრწყინვალედ შერწყმია ერთმანეთს  - Sputnik საქართველო
თბილისის ჯუმა-მეჩეთი არცერთ სხვას არ ჰგავს არქიტექტურით, რომელშიც ისლამი და ნეოგოთიკა ბრწყინვალედ შერწყმია ერთმანეთს

ხელისგულივით პაწაწა ადგილზე ძველად ორი მეჩეთი მდგარა, რომელთაგან ერთი მე-20 საუკუნის 50-იან წლებში დაუნგრევიათ კომუნისტებს, მეორე კი დღემდე დგას იქ, სადაც ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში ააგეს, ბოტანიკური ქუჩის ბოლოში.

ბოლნისელი ბიჭობიდან მეიდნელობამდე

ამბობენ, თბილისის ჯუმა მეჩეთი არცერთ სხვას არ ჰგავსო არქიტექტურით, რომელშიც ისლამი და ნეოგოთიკა ბრწყინვალედ შერწყმია ერთმანეთს და რომლის მინარეთიც კარგად მოჩანს მეზობელი ქუჩებიდან.
ჯუმა მეჩეთს „ხანგრძელი“ ისტორია აქვს. ის ოსმანებს აუგიათ 1723-1735 წლებში ნარიყალას ძირში, რომლებსაც იმხანად თბილისი ეპყრათ. თუმცა მალევე დაუნგრევიათ სპარსელებს, აღდგენით კი მხოლოდ XIX საუკუნის შუა წლებშიღა აღუდგენიათ იგივე ადგილზე, ოღონდ იმაზე ბევრად მცირე ზომისა, ვიდრე დღევანდელი მეჩეთია —  იტალიელი არქიტექტორის, ჯოვანი სკუდიერის პროექტით. საუკუნის ბოლოს კი ისიც დაუნგრევიათ და ისევ ახალი აუგიათ, რომელმაც მოაღწია კიდეც ჩვენამდე…

დავით სარაჯიშვილის ძეგლი თბილისში - Sputnik საქართველო
დავით სარაჯიშვილი — კამიუს კონიაკის საიდუმლოს მფლობელი და სამჯერ დაკრძალული პატრიოტი

მეჩეთის ზღურბლს ვაბიჯებ. ფარდაგ-ხალიჩებით მოგებული მთავარი დარბაზის წინ შუახნის მამაკაცი ზის. ვეკითხები, სხვა სარწმუნოების ადამიანს თუ აქვს უფლება, შემოვიდეს-მეთქი? ღიმილით მპასუხობს:

— რა თქმა უნდა, აქვს უფლება. მთავარია, სუფთა გულითა და კეთილი ზრახვებით შემოვიდეს.

თაჰმეზ ჰასანოვი 21 წელია, აქაურობის დირექტორია. ერთია, იყო მორწმუნე და სულ სხვაა მეჩეთს ხელმძღვანელობდე. ამიტომაც, როცა ეს ადგილი შეუთავაზებიათ, ერთი კვირა უფიქრია, დათანხმებოდა თუ არა, შეძლებდა თუ არა ასეთი ტვირთის ზიდვას…

ბოლნისის რაიონში დაბადებულა და სკოლაც იქვე დაუმთავრებია. მერე კი ბაქოში წასულა სასწავლებლად და სატრანსპორტო ინსტიტუტში მიუღია განათლება, რის შემდეგაც ისევ სამშობლოში — საქართველოში დაბრუნებულა. 

© Sputnik/ Denis Aslanovჯუმა მეჩეთის მინარეთი კარგად მოჩანს მეზობელი ქუჩებიდან
ჯუმა მეჩეთის მინარეთი კარგად მოჩანს მეზობელი ქუჩებიდან - Sputnik საქართველო
ჯუმა მეჩეთის მინარეთი კარგად მოჩანს მეზობელი ქუჩებიდან

მერე რაიონიდან ქალაქში გადმოსახლებულა, უბანში, სადაც ძირითადად აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ და უკვე 40 წელია, თბილისის შუაგულის, მეიდნის მკვიდრია — მეჩეთის მოპირდაპირედ ცხოვრობს. 
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, პირველ ხანებში, ინჟინრად უმუშავია ტრანსპორტის სამინისტროში. დაბალი ხელფასი ჰქონდა და შეთავსებით სხვაგანაც საქმიანობდა. ამბობს, იმდენს ვშოულობდი, რომ მე მყოფნიდაო. ასე გავიდა ოციოდე წელი.

მერე დადგა 1991 წელი და საბჭოთა კავშირი დაინგრა. დაიწყო ქაოსი და ისე გაჭირდა, ადამიანებს პურის ფული შემოაკლდათ. ორიოდე წლის შემდეგ კი მეჩეთის ახუნდს (ეპისკოპოსის ტოლფარდი მუსლიმებში) დირექტორობა შეუთავაზებია.

თბილისი-ასი წლის შემდეგ - Sputnik საქართველო
ტფილისიდან თბილისამდე – ფირზე შეჩერებული დრო

თაჰმეზს არასდროს უნანია, რომ ახუნდს დათანხმდა. ფუფუნებაზე არც მანამდე გიჟდებოდა და მეჩეთში მისვლის შემდეგ ხომ, მით უმეტეს.

და აქ ჩვენს საუბარში მრავალცოლიანობის თემა წამოიჭრა. მითხრა, ისლამში მამაკაცს სამი ან ოთხი ცოლის ყოლის უფლება აქვს, მაგრამ ისეც ხდება, რომ კაცს სხვა ოჯახის შექმნა აღარ სურს და ამიტომაც, ქალთან მოლაპარაკება-შეთანხმებით, დროებით ქორწინებაზე, ანუ სიგეზე თანხმდებიანო. დღეს უკვე იშვიათად თუ შეხვდებით მრავალცოლიან მუსლიმს, ახლა სხვა დროა, ბევრი ოჯახის შენახვა უკვე ძნელიაო, მიხსნის თაჰმეზი, რომლის ოჯახიც ღრმა რწმენაში ცხოვრობს: ლოცვებში, მარხვებსა და რელიგიურ დღესასწაულებში.

© Sputnik/Denis Aslanovჯუმა მეჩეთი, სადაც სუნიტები და შიიტები ერთად ლოცულობენ
ჯუმა მეჩეთი, სადაც სუნიტები და შიიტები ერთად ლოცულობენ - Sputnik საქართველო
ჯუმა მეჩეთი, სადაც სუნიტები და შიიტები ერთად ლოცულობენ

საუბარს ხშირ-ხშირად წყვეტს და ხან ირანელ მრევლს ესალმება, ხან აზერბაიჯანელს, ხანაც არაბსა თუ თურქს.

თბილისელი სუნიტები და შიიტები — გასაყოფი არაფერია

მლოცველები უხმაუროდ იხდიან ფეხსამოსს, თაროებზე ალაგებენ და სუფთა, ვრცელ დარბაზში შედიან… დღეს პარასკევია, ლოცვის დღეა და მეჩეთში განსაკუთრებით ბევრი მორწმუნე იყრის თავს. თაჰმეზი საათზე იხედება და მერე უცხოელ მრევლს დამტვრეული ინგლისურით უხსნის, რომ იმამი ლოცვას ათიოდე წუთში დაიწყებს. ესე იგი, მეც ზუსტად ამდენი დრო მაქვს დარჩენილი, მერე კი, ფეხშიშველი ვიქნები თუ თავდაბურული, მნიშვნელობა არ აქვს — დარბაზში აღარ გამაჩერებენ. 

ქალები სხვა სალოცავ დარბაზში იკრიბებიან და იქიდან ევედრებიან წინასწარმეტყველს. თაჰმეზს ბანალურ შეკითხვას ვუსვამ:

© Sputnik/Denis Aslanoviმლოცველები ყურანს იღებენ, კედელს ეყრდნობიან და გადაშლილ წიგნებში ეფლობიან
მლოცველები ყურანს იღებენ, კედელს ეყრდნობიან და გადაშლილ წიგნებში ეფლობიან - Sputnik საქართველო
მლოცველები ყურანს იღებენ, კედელს ეყრდნობიან და გადაშლილ წიგნებში ეფლობიან

— რატომ?

და ისიც მპასუხობს:

— იმიტომ რომ შაითანმა კაცები არ გვაცდუნოს.

და რაღაი შანსი მეძლევა, მეჩეთის შემკულობის დათვალიერებას ვჩქარობ. ფეხზე ვიხდი და შიგნით შევდივარ. ურბილეს ხალიჩაზე ფეხს ვდგამ და თავისუფლებისა და სიამოვნების შეგრძნება მეუფლება…
კედლების მოხატულობა მაძღარი ლურჯი ფერისაა და კობალტისას ჩამოჰგავს.

თბილისის ჯუმა მეჩეთი რამდენიმე მიზეზის გამოა უნიკალური. აი, მაგალითად, ამ ორი მიჰრაბის, ანუ სალოცავი ნიშის გამო, რომელიც მუსლიმთა წმინდა ქალაქ ქააბისკენ არის მიმართული და საითაც მლოცველი უნდა იყურებოდეს ლოცვისას.

© Sputnik/Denis Aslanovიმამი მიჰრაბის წინ, ფარდაგზე ირთხამს ფეხს და წამღერებით იწყებს ლოცვის კითხვას
იმამი მიჰრაბის წინ, ფარდაგზე ირთხამს ფეხს და წამღერებით იწყებს ლოცვის კითხვას - Sputnik საქართველო
იმამი მიჰრაბის წინ, ფარდაგზე ირთხამს ფეხს და წამღერებით იწყებს ლოცვის კითხვას

აქ მინბარიც ორია. ეს მიჰრაბის მარჯვენა მხარეს განთავსებული კათედრაა, საიდანაც იმამი ან სხვა სასულიერო პირი ქადაგებას წარმოთქვამს.

ზოგადად სუნიტური და შიიტური მინბარები ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ აქ, თბილისი ჯუმა მეჩეთში უნიკალური რამ ხდება: ორივე მიმდინარეობის მორწმუნეები ერთად ლოცულობენ და ერთი იმამის ქადაგებას ისმენენ. მთელ მსოფლიოში ფესვგადგმული, დაუსრულებელი  კონფლიქტი სუნიტებსა და შიიტებს შორის აქ, უბრალოდ, არ არსებობს და არც არასდროს არსებულა. აქ ყველა ძმურად და მეგობრულად, მშვიდობასა და თანხმობაში ცხოვრობს — რაც თავი ახსოვთ, ასეა.

თაჰმეზი ამბობს, ისლამის ორ მიმდევრობას შორის ხელოვნურად აღვივებენ შუღლს, ასე რომ არ იყოს, ამდენი საუკუნის განმავლობაში, რატომ ჩვენში არ ხდება არაფერი მსგავსიო?

© Sputnik/Denis Aslanovთბილისის მეჩეთი იმითაცაა უნიკალური, რომ აქ ორი მინბარი და ორი მიჰრაბია
თბილისის მეჩეთი იმითაცაა უნიკალური, რომ აქ ორი მინბარი და ორი მიჰრაბია - Sputnik საქართველო
თბილისის მეჩეთი იმითაცაა უნიკალური, რომ აქ ორი მინბარი და ორი მიჰრაბია

„აი, ნახეთ, ამ პატარა ტერიტორიაზე რამდენი სხვადასხვა კონფესიის სალოცავია: მართლმადიდებლური ტაძარიცაა, სომხური ეკლესიაც, სინაგოგაც და არასდროს არანაირი რელიგიური კონფლიქტი არ მომხდარა. კაცს არ ახსოვს მსგავსი არაფერი. რელიგიას მარტო კომუნისტები ებრძოდნენ, რათა ადამიანიდან ღმერთის რწმენა ამოეძირკვათ და მხოლოდ პარტიის რწმენა შთაენერგათ“.

ეტყობა, ამიტომაც დაანგრიეს მეტეხის ხიდთან მდებარე მეორე, შიიტური მეჩეთი, საიდანაც მხოლოდ მინბარი გადაარჩინეს მუსლიმებმა. ეს უძველესი, შავი ხისგან ნაკვეთი მინბარი ყველაზე დიდი ფასეულობაა ბოტანიკურ ქუჩაზე შემორჩენილი ერთადერთი თბილისური მეჩეთისთვის, რომელიც, როგორც თაჰმეზი მეუბნება, XVIII საუკუნეში გაუკეთებიათ.

ჰო, და კიდევ ერთი დეტალი, რომლითაც აქ შემოსული ყველა თბილისელი ქრისტიანი ინტერესდება: კვადრატული ფორმის ქვები — ერთი ზომისა და ერთნაირი ფერისა. ეს მექიდან ჩამოტანილი სალოცავი ქვებია, რომლებსაც ნამაზისას შუბლზე იდებენ.

© Sputnik/Denis Aslanovეს მექიდან ჩამოტანილი სალოცავი ქვებია, რომლებსაც ნამაზისას შუბლზე იდებენ
ეს მექიდან ჩამოტანილი სალოცავი ქვებია, რომლებსაც ნამაზისას შუბლზე იდებენ - Sputnik საქართველო
ეს მექიდან ჩამოტანილი სალოცავი ქვებია, რომლებსაც ნამაზისას შუბლზე იდებენ

მეჩეთი უკვე ივსება ხალხით და თაჰმეზი მანიშნებს, დროაო. თუმცა იქვე ამატებს, თუ გინდა, ქალების სამლოცველოდან შეგიძლია უყურო ლოცვასო. მეც თავს ვიბურავ და მეჩეთზე მომდგარ ნაგებობაში ძველისძველ საფეხურებს მივუყვები მეორე სართულისკენ. აქედან შიდა ფანჯრები პირდაპირ გადაჰყურებს დარბაზს, სადაც კაცობრიობის ძლიერი ნახევარი ლოცვად დგება.

იმამი მიჰრაბის წინ, ფარდაგზე ირთხამს ფეხს და წამღერებით იწყებს ლოცვის კითხვას. მონოტონური ბგერები ისეთ სიმებს არხევს, რომლებსაც სახელს ვერ ვუძებნი.

მლოცველები ხალიჩაზე რბილად მიაბიჯებენ, თაროებთან მიდიან, ყურანს იღებენ, უხმაუროდ ბრუნდებიან თავთავიანთ ადგილებზე, კედელს ეყრდნობიან და გადაშლილ წიგნებში ეფლობიან. ეს იმდენად ბუნებრივი და წრფელი ქცევაა, რომ მომაჯადოებლად მოქმედებს და მეც ნეტარებაში ვიძირები…

ეს, ალბათ, ყველა რელიგიის თანამდევია.

ყველა ახალი ამბავი
0