ყვარლის რაიონის სოფლებში გოგონების წინადაცვეთა ხდება

© photo: Public Defender (Ombudsman) of Georgiaსაქართველოს სახალხო დამცველი
საქართველოს სახალხო დამცველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალის გენიტალიების დასახიჩრება უფლებადარღვევის უკიდურესი ფორმაა, რომელიც არღვევს ქალის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და წამების აკრძალვის უფლებებს.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტის გარკვეული სოფლების მოსახლეობა ქალის გენიტალიების დასახიჩრებას ადასტურებს, — ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს

”საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას ადგილობრივმა მოსახლეობამ დაადასტურა ამგვარი პრაქტიკის არსებობა, რომელსაც „ნათლობას“ უწოდებენ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გოგონების წინდაცვეთის დროს ხდება ქალის სასქესო ორგანოს, კლიტორის მცირე ნაწილის მოკვეთა ან ჩაჭრა, სახლის პირობებში. ამასთან, მოწოდებული ინფორმაციით, ქალის გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა მუნიციპალიტეტის ერთ სოფელში სავარაუდოდ სრულადაა გავრცელებული, ხოლო ორ სოფელში მხოლოდ რამდენიმე ოჯახის მიერ ხორციელდება”, — ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.  

ძალადობა - Sputnik საქართველო
„ქალთა უფლებები": საქართველოში 2016 წელს გენდერული ნიშნით 10 ქალი მოკლეს

აღსანიშნავია, რომ ქალის გენიტალიების დასახიჩრება უფლებადარღვევის უკიდურესი ფორმაა, რომელიც არღვევს ქალის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და წამების აკრძალვის უფლებებს. ამგვარი პრაქტიკა ძირითადად ქალზე და მის სხეულზე კონტროლის მიზნით ხორციელდება. მით უფრო, სახლის პირობებში, გენიტალიებზე მანიპულაციის ჩატარებამ, შესაძლოა, მრავალი გართულება გამოიწვიოს, აღნიშნულია  განცხადებაში. 

საქართველომ 2014 წელს ხელი მოაწერა ევროსაბჭოს კონვენციას „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციაზე“, სადაც ცალკე მუხლი ეთმობა „ქალის გენიტალების დასახიჩრებას“. კონვენცია სახელმწიფოებს მოუწოდებს მიიღონ ყველა ზომა, რომ ქალთა და გოგონათა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა — როგორც განხორციელება, ისე წაქეზება, გარიგება ან იძულება იქნას კრიმინალიზებული.

”სამწუხაროდ, ამ დრომდე კონვენციის რატიფიცირება არ მომხდარა. ასევე, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 2014 წლის 18 დეკემბრის რეზოლუცია (A/res/69/150) მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს მიიღონ ყველა ზომა ამ მავნე პრაქტიკისა და ქალთა და გოგონათა უფლებების დარღვევის მძიმე ფორმის პრევენციისა და აღმოფხვრისთვის. ზემოთქმულის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას უახლოეს მომავალში განახორციელოს სტამბულის კონვენციის რატიფიცირება და მიიღოს ყველა ზომა ამ ახლად აღმოჩენილი მავნე პრაქტიკის აღმოსაფხვრელად”, — ნათქვამია განცხადებაში. 

სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შსს-ს და მთავარ პროკურატურას უკვე მიაწოდა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0