თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოში 2016 წლის დასაწყისიდან გენდერული ნიშნით 10 ქალი მოკლეს, განაცხადა პრესკონფერენციაზე მოძრაობა „ქალთა უფლებების“ წარმომადგენელმა ბაია პატარაიამ.
მოძრაობის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი მღებრიშვილთან შეხვდრას ითხოვენ, რათა მას ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის საკუთარი ინიციატივა გააცნონ.
„2016 წლის 7 თვის განმავლობაში ფემიციდის 10 ფაქტი, 10 ქალის მკვლელობა მოხდა. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი რიცხვი! ქალთა მოძრაობა მიიჩნევს, რომ აუცილებელია შემდგომი რეფორმები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გადადგას შემხვედრი ნაბიჯები და გაატაროს ძირეული რეფორმები“, — განაცხადა პატარაიამ.
სამართლებრივ საკითხებში „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ კონსულტანტის ნინო ლომჯარიას თქმით, უნდა შეიქმნას სპეციალური განყოფილება, რომელიც შეისწავლის და გააანალიზებს ოჯახური ძალადობისა დაქალთა მკვლელობის ფაქტებს.
ლომჯარიას აზრით, აუცილებელია ყველა იმ პოლიციელის დასჯა, რომლებიც მოვალეობის შესრულების დროს, ოჯახური ძალადობის პრევენციის მიზნით, არ იყენებენ კანონით გათვალისწინებულ მექანიზმებს.
მას შემდეგ, რაც 2014 წელს ოჯახური ძალადობის ნიადაგზე 19 ქალი დაიღუპა, საქართველოს ხელისუფლებამ კანონმდებლობა გაამკაცრა — სისხლის სამართლის კოდექსში ოჯახური ძალადობა ცალკე მუხლად გამოიტანა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა.