თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს, არ მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმებასთან დაკავშირებით.
გასულ კვირას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ გაუქმდება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და მისი ფუნქციები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. ამჟამად უწყებას გელა დუმბაძე ხელმძღვანელობს.
„დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც უარყოფით გზავნილი საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ემიგრანტებისთვის და შთაბეჭდილებას ქმნიდეს, რომ დიასპორა თითქოსდა აღარ წარმოადგენს „განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივ ამოცანას“, – აღნიშნულია საიას განცხადებაში.
„ახალგაზრდა იურისტების ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება უწყების გაუქმების შესახებ ნაჩქარევად და შესაბამისი კონსულტაციების გარეშე არ უნდა მიიღოს.
არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას კომენტარით გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და აღნიშნა, რომ დიასპორა მთავრობისთვის პრიორიტეტული მიმართულება დარჩება.
„როგორც ამ დიასპორის ყოფილი წევრი, მნიშვნელოვნად ვთვლი, რომ მთავრობის პრიორიტეტად დარჩეს დიასპორის თემებზე მუშაობა და ეს უბრალოდ თემა კი არ იყოს, არამედ პრიორიტეტი, როგორც ეს აქამდე იყო. როგორც პრემიერმა დაადასტურა, ეს თემა არ გაქრება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტების ნუსხიდან და საგარეო სამინისტრო ჩაუდგება ამ საკითხის მართვას სათავეში“, – განაცხადა მან.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წლის თებერვალში შეიქმნა. მისი შექმნის მიზანს საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობების დამყარება და გაღრმავება წარმოადგენდა.
ამ უწყების გაუქმების გარდა, ასევე იყო საუბარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან შეერთების შესახებ. მოგვიანებით ეს ინფორმაცია უწყების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა უარყო.