თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და აყვავებისთვის უნდა გაერთიანდნენ, განაცხადა საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში, დიასპორის ფორუმის გახსნაზე.
ორდღიანი ფორუმი „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს“ მეორედ იმართება და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილეს ეძღვნება.
„ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვიყოთ გახლეჩილი, არ გვაქვს უფლება, ტალახი ვესროლოთ ერთმანეთს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ერთი საერთო დადებითი მიზნის გარშემო, განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა. დღეს არის გახსნილი შესაძლებლობები, რომ დიასპორის წარმომადგენლებმა საქართველოში ბიზნესი წამოიწყონ“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დადებითი მუშაობა აღნიშნა.
„ადამიანებს, რომლებსაც დაბრუნება უნდათ, მაქსიმალური შესაძლებლობა უნდა მივცეთ, მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის მშენებლობისა და განვითარების პროცესში“, — განაცხადა პრეზიდენტმა.
ფორუმი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით მიმდინარეობს. მასში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, დიასპორის წარმომადგენლები, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.
ამჟამად არსებობს ისტორიული დიასპორა — ანუ თანამემამულეები, რომლებიც თავიანთ ისტორიულ სამშობლოში (რუსეთი, ისრაელი, საბერძნეთი და ა. შ.) ცხოვრობენ, ან საქართველოდან 1990 წლამდე გაემგზავრნენ — ასეთი 1 მილიონზე მეტი ადამიანია. გარდა ამისა, არიან თანამედროვე ემიგრანტები — ისინი, ვინც სამშობლოდან 1990 წლის მერე წავიდა. მათი რაოდენობა დაახლოებით 1,5 მილიონია.