თბილისი, 7 თბილისი– Sputnik. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა უნდა აღდგეს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უწყების მუშაობის 100 დღის ანგარიშის პრეზენტაციისას.
იზორიას წინამორბედმა თინათინ ხიდაშელმა ივნისში ხელი მოაწერა ბრძანებას შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ. ხიდაშელმა აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის პირველ პირებთან კონსულტაციების გავლის გარეშე მიიღო, რამაც გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია.
„ამ სამი თვის განმავლობაში უცხოელთა გამოცდილების შესწავლის შედეგად, ჩვენ პარტნიორებთან ერთად მივედით დასკვნამდე, რომ საქართველოში სამხედრო სამსახურში გაწვევის სისტემა უნდა აღდგეს… ახალწვეულთა გარეშე შეიარაღებულ ძალებში გარკვეული პრობლემებია, კერძოდ, პრობლემებია (ქვედანაყოფების) კომპლექტაციის, ამიტომ ახალწვეულები საუკეთესო რესურსია იმისთვის, რომ აღმოვფხვრათ ეს ხარვეზი“, — განაცხადა იზორიამ.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც არ უნდა თქვას უარი საქართველომ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე და მთლიანად საკონტრაქტო საწყისებზე არ უნდა გადავიდეს, არის მისი ეკონომიურობა, მიაჩნია უწყების პირველ პირს.
„კერძოდ, თუ კონტრაქტორის შენახვა სახელმწიფოს წელიწადში 25-26 ათასი ლარი უჯდება, ახალწვეულისთვის სახელმწიფო წელიწადში მხოლოდ 9 ათას ლარს ხარჯავს“, — განმარტა მინისტრმა.
გარდა ამისა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში რიგი სიახლეები შეიმჩნევა, კერძოდ, თუ ადრე ახალწვეულის ყოველთვიური ხელფასი 7 ლარი იყო, ახლა თავდაცვის სამინისტრო ხელფასის 50 ლარამდე გაზრდას გეგმავს, აღნიშნა იზორიამ.
ასევე, ახალწვეულები სამხედრო მომზადების ისეთივე ათკვირიან კურსს გაივლიან, როგორც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მყოფი ახალგაზრდები. ქართული არმია ახალწვეულთა ახალი ნაკადის მიღებას მომავალი წლის გაზაფხულზე გეგმავს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით კმაყოფილია პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილი.
„თავის დროზე, როდესაც თინა ხიდაშელმა ბრძანების საფუძველზე სავალდებულო სამხედრო სამსახურში ახალწვეულების მიღება აკრძალა, მე ჩემი კრიტიკული პოზიცია იმ ნაწილში დავაფიქსირე, რომ მსგავსი საკითხი ფართო განხილვის თემა უნდა გამხდარიყო. ბატონი ლევანის გადაწყვეტილება ჩემთვის მისაღებია, იმიტომ რომ ჩემი პოზიცია მის პოზიციას დაემთხვა“, — განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.
დღეს საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა — სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს იწვევენ. ხიდაშელის გადაწყვეტილება მხოლოდ სავალდებულო სამხედრო სამსახურს ეხება.
ახალწვეულებს კვლავინდებურად სხვადასხვა ძალოვან უწყებებში ანაწილებენ — შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა 12 თვეს შეადგენს. გაწვევა წელიწადში ორჯერ ცხადდება — შემოდგომაზე და გაზაფხულზე.