თავდაცვის სამინისტრო ექსპერტებს სამხედრო სამსახურის შესახებ გეგმებს გააცნობს

გამოწერა
აღდგება თუ არა საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახური, ამის შესახებ ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თავდაცვის მინისტრის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

თბილისი, 21 ოქტომბერი– Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ პოზიციას უახლოეს დროში გააცნობს, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
იზორიას წინამორბედმა თინათინ ხიდაშელმა ივნისში ხელი მოაწერა ბრძანებას შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ. ხიდაშელმა აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის პირველ პირებთან კონსულტაციების გავლის გარეშე მიიღო, რამაც გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია.

„ჩვენ, პრაქტიკულად, ყველა ქვეყნის გამოცდილება შევისწავლეთ და მე, როგორც მინისტრს, ჩემი პოზიცია ჩამომიყალიბდა. თუმცა ამ ეტაპზე თავს შევიკავებ მისი გაჟღერებისგან. ახლო მომავალში ვგეგმავთ ჩვენი პოზიციის შეჯერებას ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რათა დისკუსიაში უფრო ფართო სპექტრი იყოს წარმოდგენილი“, — განაცხადა იზორიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

სამხედრო ფიცი თბილისში, გორსა და ქუთაისში 384-მა ახალწვეულმა დადო - Sputnik საქართველო
ახალწვეულები შსს-ს ობიექტების დაცვის სამსახურშია ჩადგნენ

მოგვიანებით სამინისტრო საზოგადოებას 100-დღიანი მუშაობის ანგარიშს წარუდგენს, რომელშიც სამომავლო გეგმები, მათ შორის ახალწვეულებთან დაკავშირებული საკითხი იქნება განხილული.

დღეს საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა — სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.

საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს იწვევენ. ხიდაშელის გადაწყვეტილება მხოლოდ სავალდებულო სამხედრო სამსახურს ეხება.

ახალწვეულებს კვლავინდებურად სხვადასხვა ძალოვან უწყებებში ანაწილებენ — შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.

საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა 12 თვეს შეადგენს. გაწვევა წელიწადში ორჯერ ცხადდება — შემოდგომაზე და გაზაფხულზე.

ყველა ახალი ამბავი
0