თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს თვდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაურთან, გენერალ ვოლკერ ვიკერთან ერთად, ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა "მარმალზე" ერთობლივ სამხედრო სწავლებას დაესწრნენ.
„მარმალის“ ბაზა გერმანიის შეიარაღებული ძალების სარდლობით იმართება.
სწავლება, რომელიც ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმით პირველად განხორციელდა, ბაზა "მარმალის" საწვრთნელ პოლიგონზე გაიმართა და მასში ქართველი, გერმანელი და ლიტველი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.
საჩვენებელი წვრთნის ფარგლებში ქართველმა სამხედროებმა სწრაფი რეაგირების და უცხოელ პარტნიორებთნ ერთად კოორდინირებულად მოქმედების დემონსტრირება მოახდინეს.
„მათი ინიციატივა იყო, მსგავსი წვრთნების ჩატარება. გერმანელი გენერლები არ მალავენ თავიანთ აღფრთოვანებას, რომ ასეთი კომბინირებული, თითოეული ერის ჩართულობით მოხდა წვრთნების ეფექტიანად ჩატარება. ჩვენმა ჯარისკაცებმა გამოავლინეს ძალიან მაღალი დონე თავიანთ პარტნიორებთან ერთად. მე პირადად ვარ ამაყი, როდესაც ამას ვხედავ და ამ დაფასების სიტყვებს ვისმენ“, — განაცხადა ლევან იზორიამ.
ქართველ სამხედროებს სიტყვით გერმანიის შეიარაღებეული ძალების მეთაურმა გენერალმა ვოლკერ ვიკერმაც მიმართა და ქართველებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
იზორია, ქვეყნის თავდაცვის მინისტრის რანგში, ავღანეთს მეორედ ეწვია.
„მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთის სამთავრობო ძალების სწავლებასა და დახმარებას ითვალისწინებს. მისია აშშ–ისა და მისი მოკავშირეების საომარი სტადიის დასრულების შემდეგ, 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ამჟამად ნატოს მისიაში 870 ქართველი სამხედრო მონაწილეობს.