თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი, ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
ქართველ სამხედროებს აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და აშშ-ის ელჩი იან კელი დახვდნენ, მშვიდობიანად დაბრუნება მიულოცეს და სამშვიდობო მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.
„ჩემო ძმებო, კიდევ ერთხელ დიდი სიყვრულით, ძალიან დიდი ემოციით გხვდებით. გელოდით და ბედნიერი ვარ რომ ყველა უსაფრთხოდ და მშვიდობით დაბრუნდა სახლში… საქართველოს სახელით, თითოეული ჯარისკაცის სახელით, ყველა ქართველის სახელით დიდი მადლობა იმ შრომისთვის, იმ ღვაწლისთვის და იმ თავდადებისთვის, რასაც თქვენ ეწევით თქვენი ქვეყნისთვის“, — მიმართა თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს.
52-ე ბატალიონი როტაციის წესით III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.
მე-5 ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულის ჯარისკაცები, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, 6 თვის განმავლობაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობდნენ.
ეროვნული გვარდიის ოცეული ბაგრამის საავიაციო ბაზის სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებდა. 52-ე ბატალიონის მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.
რაც შეეხება 42-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულს, ის სამშვიდობო მისიას ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ასრულებდა და მისი ამოცანა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბბინის დაცვა იყო.