თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში სამხედრო პირების რაოდენობა არ გადააჭარბებს 37 ათას კაცს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
„განხილულ იქნა, როგორც დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული, საკითხი, რომელიც ეხებოდა შეიარაღებული ძალების რაოდენობას. გადაწყვეტილი იქნა, რომ დარჩეს ის, რაც იყო, ანუ არაუმეტეს 37 ათასისა. ეს არის ის რაოდენობა, რომელსაც არ სჭირდება დამატებითი შეთანხმება… გაზრდის შემთხვევაში საჭირო იქნება დამატებითი შეთანხმება პარლამენტთან“, — აღნიშნა კაპანაძემ.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს თავდაცვის სამინისტროს რეფორმირების საკითხიც, კერძოდ, უწყების მიერ შემუშავებული თავდაცვის სტრატეგია.
„მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ მოხდეს მაქსიმალურად შეიარაღებული ძალების ისეთი მოდერნიზება, რომ იყოს საფრთხეების შეკავებაზე ორიენტირებული, ჰქონდეს უნარი, თავად გავუმკლავდეთ საფრთხეების შემთხვევაში მტერს, რომ დავიცვათ თავი… და თავდასხმის შემთხვევაში მაქსიმალური ზიანი მივაყენოთ მტერს“, — განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
რაც შეეხება უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილს, რომლისთვისაც ეს ბოლო სხდომა იყო ამ რანგში, მან აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული და მას მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამხედრო ექსპერტებთან და დაინტერესებულ პირებთან ფართო განხილვის შემდეგ გადასცემენ პარლამენტს დასამტკიცებლად.
შეგახსენებთ: პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ირინა იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა. ვინ შეცვლის მას უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე, ჯერჯერობით უცნობია.