თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველომ კეთილდღეობის რეიტინგში (Prosperity Index 2016) მსოფლიოს 149 ქვეყანას შორის 84-ე ადგილი დაიკავა. რეიტინგი საერთაშორისო ანალიტიკურმა ცენტრმა Legatum Institute (ბაზირებულია ლონდონში) შეადგინა.
საქართველოს მეზობლები რეიტინგში არიან სალვადორი და საუდის არაბეთი (83-ე და 85-ე ადგილები). გასულ წელს საქართველო სიის მე-80 ადგილს იკავებდა.
2016 წლის კვლევის შედეგები ეფუძნება რიგი მაჩვენებლების შეფასებას, რომლებიც ცხრა ცალკეულ ჯგუფშია განაწილებული — ეკონომიკა, ბიზნეს-გარემო, სახელმწიფო მართვა, განათლება, ჯანდაცვა, უსაფრთხოება და დაცულობა, პირადი თავისუფლებები, სოციალური კაპიტალი და გარემო.
საუკეთესო მაჩვენებლები საქართველოს სახელმწიფო მართვისა და განათლების სფეროებში აქვს — ამ კუთხით საქართველოს 54-ე ადგილი მიაკუთვნეს. მაღალი შეფასება აქვს ქვეყნის ბიზნეს-გარემოსაც — 66-ე პოზიცია. ყველაზე ცუდადაა საქართველოს საქმე გარემოს დაცვისა (124-ე ადგილი) და სოციალური კაპიტალის (139-ე) მხრივ, მიიჩნევენ სპეციალისტები.
რეიტინგის ლიდერთა ხუთეულში არიან ახალი ზელანდია, ნორვეგია, ფინეთი, შვეიცარია და კანადა, ხოლო ბოლო ხუთეულში — კონგო, სუდანი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ავღანეთი და იემენი.
პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან საქართველოს გაუსწრეს ესტონეთმა (26-ე პოზიცია), ლატვიამ (37), ლიტვამ (42), ყირგიზეთმა (77) და ყაზახეთმა (82). ამასთან, საქართველო წინაა რუსეთზე (95), მოლდოვაზე (96), ბელარუსზე (98), სომხეთზე (99), ტაჯიკეთზე (100), აზერბაიჯანსა (103) და უკრაინაზე (107).
ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი „ინსტიტუტი Legatum“-ის (The Legatum Prosperity Index) მსოფლიოს ქვეყნების კეთილდღეობის ინდექსი კომბინირებული მაჩვენებელია, რომელიც ქვეყნის მიღწევებს ზომავს მათი კეთილდღეობისა და აყვავების თვალსაზრისით. კვლევის მიზანია საზოგადოებრივი კეთილდღეობის შესწავლა და მისი განვითარება გლობალური მასშტაბით.