თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია Doing Business-2017-ის რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესება საქართველოსთვის დიდი ნახტომია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველომ Doing Business-2017-ის რეიტინგში 23 ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, ვინაიდან საქართველო შედის წამყვან ქვეყნებში და 7-საფეხურიანი ცვლილება ერთი წლის განმავლობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი ნახტომი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი ინვესტორისთვის“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემები კვლავ ადასტურებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა სწორი, ჯანსაღი, გააზრებული ად თანმიმდევრულია, აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს ფინანსთან მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
„ის პროგრესი, რომელიც სახეზე გვაქვს, ადასტურებს იმას, რომ აბსოლუტურად სწორი განვითარების მიმართულება გვაქვს აღებული და საქართველო ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი ქვეყანა ხდება, რაც ბევრი კარგი პროცესის დასაწყისი იქნება“, — აღნიშნა ხადურმა.
საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეს წარმატება მთავრობის კოორდინირებული და ეფექტური მუშაობის შედეგია.
„ჩვენი ეფექტური მუშაობა, რომელმაც ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებამდე მიგვიყვანა, იმის დადასტურებაა, რომ მსოფლიო ბანკმა საქართველო კიდევ ერთხელ აღიარა, როგორც ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი ქვეყანა და რომ ჩვენ ისეთი რეფორმები განვახორციელეთ, რომელიც კერძო სექტორს შესაძლებლობას აძლევს უმოკლეს ვადაში და მცირე ხარჯებით დაიწყონ და განავითარონ ბიზნესი“, — განაცხადა ქუმსიშვილმა.
დადებითი ტენდენციის შენარჩუნების აუცილებლობაზე მიუთითა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა.
„ამ შედეგებით ძალიან ვამაყობ. ვთხოვ ხელისუფლებას რომ არ გაჩერდნენ რეფორმების გზაზე და ჩვენ მომავალ წელს კვლავ მოვალთ და ვიტყვით, რომ საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია“, — აღნიშნა ტემბონმა.
Doing Business-2017-ის ანგარიშში, ცალკეული კატეგორიების მიხედვით, საქართველომ შემდეგი ადგილები დაიკავა: ბიზნესის დაწყება — მე-8 ადგილი, მშენებლობის ნებართვა — მე-8 ადგილი, საკუთრების რეგისტრაცია — მე-3 ადგილი. კრედიტების მიღება — მე-7 ადგილი, ინვესტორების დაცვა — მე-7 ადგილი, გადასახადების გადახდა — 22-ე ადგილი, საგარეო ვაჭრობა — 54-ე ადგილი, კონტრაქტების შესრულება — მე-16 ადგილი, ბიზნესის დახურვა — 106-ე ადგილი, ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა — 39-ე ადგილი.
მოხსენების თანახმად, საქართველომ გასულ წელს ხუთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა: გაზარდა ელექტრომომარაგება, გაამარტივა გადასახადების გადახდის სისტემა, გაზარდა ინვესტორების უფლებების დაცვის დონე, გააუმჯობესა მიწის რესურსების მართვის ხარისხი, დააჩქარა ექსპორტისა და იმპორტის შესახებ შეთანხმებების გაფორმების პროცედურა.
საქართველო იმ 10 ქვეყანას შორის აღმოჩნდა, რომლებმაც 2015-2016 წლებში Doing Business-ის ინდიკატორებით ყველაზე დიდი ეკონომიკური პროგრესი განახორციელეს. ექსპერტებმა ასევე აღნიშნეს ქვეყნები: ბრუნეი, ყაზახეთი, კენია, ბელარუსი, ინდონეზია, სერბეთი, პაკისტანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ბაჰრეინი.
Doing Business-ის მოხსენება უკვე მეთოთხმეტედ შეადგინეს. ის 190 ქვეყანას მოიცავს. ანგარიში იკვლევს რეგულირების ნორმებს, რომლებიც ხელს უწყობს ან აბრკოლებს ბიზნესის განვითარებას საქმიანობის მთელი ციკლის განმავლობაში, მათ შორისაა საწარმოს შექმნა, ბიზნესის წარმოება, ასევე ინვესტორების უფლებების დაცვის დონე.