– ბატონო შოთა, პირველ რიგში, გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას, მაგრამ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, თქვენთვის საყვარელ ძიუდოზე ვისაუბროთ. დავიწყოთ ოლიმპიადით, რომელსაც ჩაგდებულს ვერ დავარქმევთ, თუმცა არც წარმატებული ეთქმის.
— მოლოცვისთვის მადლობა. ძიუდოზე კი დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ. შეფასებაში გეთანხმებით, მაგრამ აქ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. ოლიმპიადა სულ სხვა კატეგორიის ფორუმია, სადაც, მსოფლიო ჩემპიონატებისგან განსხვავებით, დამატებითი ფსიქოლოგიური წნეხი ემატება. ორი მედალი ურიგო შედეგი არ არის, თუმცა ოქროს, მოგეხსენებათ, მაინც სხვა ხიბლი აქვს. ვარლამ ლიპარტელიანს უნდა მოეგო, აღარაფერს ვამბობ ჭრიკიშვილზე, რომელიც საერთოდ უმედლოდ დარჩა. ამ ორივე შემთხვევაში სწორედ ოლიმპიადის ფსიქოლოგიურმა ფაქტორმა იმოქმედა. მთლიანად გუნდზე საყვედურს ვერ ვიტყვი, უკლებლივ ყველამ მედლებისთვის იბრძოლა, ეს ცოტა არ არის.
– თუმცა, ოლიმპიადის შემდეგ მალევე შეიცვალა ნაკრების უფროსი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე და მისი სამწვრთნელო გუნდი. რამდენად გამართლებულია ეს ცვლილება და იკვეთება თუ არა მწვრთნელების შეცდომა?
— მწვრთნელთა შეცდომას მე ვერ ვხედავ. ირაკლი უზნაძის სამწვრთნელო შტაბმა კარგად იმუშავა და, ჩემი აზრით, მათი შეცვლა გამართლებული არ იყო. თუმცა, ეს ძიუდოს ფედერაციის გადასაწყვეტი იყო და, ბუნებრივია, მე ვერ ჩავერევი. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ გუნდის ნაკრებისგან ჩამოშორება არასწორია. არ მინდა ისე გამიგონ, თითქოს ახალი მთავარი მწვრთნელის ირაკლი ცირეკიძის წინააღმდეგი ვიყო. რა თქმა უნდა, წარმატებებს ვუსურვებ და, იმედია, ასეც იქნება, მაგრამ მაინც ჩემ აზრზე ვრჩები.
– ოლიმპიადის შემდეგ რამდენიმე მოჭიდავე წონის შეცვლას აპირებდა. ძალიან დაგვეჩაგრა ბექა ღვინიაშვილი, 90-კილოგრამიანი ახალგაზრდა 110-კილოგრამიან დევებს ებრძოდა და თავიც არ შეურცხვენია…
— ბექა უდავო ტალანტია, გეთანხმებით, ნამდვილად დაიჩაგრა, მაგრამ ჯერ ახალგაზრდაა, ყველაფერი წინ აქვს. სხვათა შორის, ბექა უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა. თავის წონაში ხომ მოიპოვა ოლიმპიური საგზური და სამი თვით ადრე, 100 კილოში იძულებით აბარგებულმა (მოგეხსენებათ, მის წონაში ლიპარტელიანი გამოდიოდა) ხუთ დიდ ტურნირზე წარმატებული გამოსვლით ამ წონაშიც მოიგო საგზური. მსგავსი რამ, რამდენადაც ვიცი, აქამდე არავის გაუკეთებია. ამიერიდან ვარლამი აინაცვლებს ზედა წონაში, რომელიც ჩვენი ნაკრებისთვის აქილევსის ქუსლად იქცა, ხოლო ბექა თავის ჩვეულ 90-ში გააგრძელებს ჭიდაობას.
– 100 კილოგრამ წონაში ბევრს ეიმედებოდა ძალიან ნიჭიერი გურამ თუშიშვილის, თუმცა ზედ ოლიმპიადის წინ მან ძალიან მოუკლო. რა იყო ამის მიზეზი? რამდენადაც ვიცი, ტრავმა ბოლომდე მოიშუშა.
— ძალიან გული მწყდება, რომ ეს ნიჭიერი ახალგაზრდა ვერ ახერხებს და საკუთარ თავს ვერ ერევა. მისგან ყველა ბევრს ელოდა, ტრავმამაც, რა თქმა უნდა, ხელი შეუშალა, მაგრამ მთავარი მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძებოს. თუ ამას მოახერხებს, წონის ლიდერობაც შეუძლია და უმაღლესი მედლებისთვის ბრძოლაც. ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და იმედია, ამ პრობლემებს მოერევა.
– წეღან ბრძანეთ, გუნდი კარგად არის დაბალანსებულიო, მეჩვენება, რომ მძიმე წონა შედარებით პრობლემური გვაქვს. ლევან მატიაშვილი ჯერ ვერ არის სტაბილური, მისი ასაკისთვის ეს გასაგებია, მაგრამ რა დაემართა ადამ ოქრუაშვილს, რომელმაც ძალიან მოუკლო?
— მძიმე წონაში პრობლემები ბოლო წელს გამოჩნდა, ოქრუაშვილი ვერ ერევა ჭარბ წონას, შედეგად — კარგავს სისწრაფეს და ისეთი ვეღარ არის, როცა თვით ტედი რინერს ტოლ-სწორად ეჭიდავებოდა. მატიაშვილი მძიმე წონისთვის ჯერ ახალგაზრდაა — 23-24 წელი არ არის ამ წონის ასაკი. იმედია, მომავალ ოლიმპიურ თამაშებამდე ისიც მოუმატებს და მძიმე წონაც სტაბილურად ძლიერი გვეყოლება.
– გისურვებთ წარმატებებს საპარლამენტო საქმიანობაში, სადაც, სავარაუდოდ, ისევ სპორტის სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებთ.
— სპორტში ბევრი რამ არის საკეთებელი, მისაღებია მთელი რიგი კანონები, რომ სპორტის მასობრივი სახეობები წამოვწიოთ და ამაზე მოგვიწევს სერიოზული მუშაობა.
თენგიზ ჩოჩუა