თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. კონსულტაციები საქართველოს ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში დაიწყება, განუცხადა ჟურნალისტებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
8 და 30 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, მმართველი პარტია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობასა (115 დეპუტატი) და მთავრობის ერთპიროვნულად ჩამოყალიბების უფლებას იღებს.
„ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები უახლოეს დღეებში დაიწყება როგორც საპარლამენტო თანამდებობებთან, ისე სამთავრობო გადაადგილებებთან დაკავშირებით. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ბუნებრივია, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და ის გააკეთებს კომენტარებს ამ საკითხთან დაკავშირებით“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
სანამ „ქართული ოცნება“ სამთავრობო და საპარლამენტო თანამდებობებზე თავისი კანდიდატების წარსადგენად ემზადება, ქართული საინფორმაციო საშუალებები უკვე მეორე დღეა, სავარაუდო კანდიდატებს ასახელებენ. მათი ვერსიით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას სწორედ ირაკლი კობახიძე დაიკავებს, თუმცა კობახიძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს ვიქტორ დოლიძე დაიკავებს, რომელმაც ოქტომბრის შუა რიცხვებში პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა.
„საკადრო საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში გადაწყვეტილებები არ მიღებულა, არც პოლიტსაბჭოს დონეზე არ გადაწყვეტილა. ბატონი ვიქტორ დოლიძე ძალიან საინტერესო კანდიდატია, ძალიან გამოცდილი ამ მიმართულებით, მაგრამ არავითარი გადაწყვეტილება არ მიღებულა, კონსულტაციები არ ყოფილა“, — განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ წევრმა მანანა კობახიძემ.
გარდა ამისა, ქართული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, თანამდებობებს დაემშვიდობებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. ხადურს ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის.
ტელეარხ GDS-ის საინფორმაციო სამსახურის ცნობით, ეკონომიკის ახალი მინისტრი გიორგი გახარია გახდება, რომელიც პრემიერის მრჩეველი იყო ეკონომიკურ საკითხებში.
გამორიცხული არაა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის შეცვლაც.
რაც შეეხება კახი კალაძეს, როგორც მასმედია ირწმუნება, ის კვლავ ენერგეტიკის სამინისტროს ჩაუდგება სათავეში.
საინფორმაციო საშუალებები კიდევ ერთი სიახლის შესახებ საუბრობენ: შესაძლოა, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაერთიანება მოხდეს.
საუბარი იყო ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან შეერთების შესახებ. მოგვიანებით დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ეს ინფორმაცია უარყო.
პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ, არაუგვიანეს 19 ნოემბრისა.
ამჟამად საქართველოს მთავრობის კაბინეტში, პრემიერ-მინისტრის გარდა, 19 მინისტრია, აქედან სამი — სახელმწიფო მინისტრი.