ყოფილი „თავისუფალი დემოკრატები“ „ქართულ ოცნებას“ უჭერენ მხარს

გამოწერა
ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრები მმართველ პარტიასთან თანამშრომლობას ჯერჯერობით არ გეგმავენ, თუმცა საკუთარ მომხრეებს უკვე მოუწოდეს – მხარი დაუჭირონ „ქართულ ოცნებას“.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. დავით ონოფრიშვილმა, ზურაბ აბაშიძემ და გია ცაგარეიშვილმა, რომლებმაც 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ რიგები დატოვეს, საკუთარ მომხრეებს მოუწოდეს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებს მისცენ ხმა.

ონოფრიშვილმა, აბაშიძემ და ცაგარეიშვილმა პარტია ლიდერის ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლისთანავე დატოვეს. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ალასანიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ პარლამენტში ვერ ხვდებიან.

„მეორე ტური იქნება მალე და რეალობა გახლავთ, რომ პრაქტიკულად ყველგან დარჩენილია ორი პარტიის — „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები. ამიტომ მე ჩემს მხარდამჭერებს მივმართავ, რომ აქ ალტერნატივა ნამდვილად არ არსებობს და მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ „ქართული ოცნების“ კანდიდატებს“, — განაცხადა ონოფრიშვილმა ბრიფინგზე.

ირაკლი ალასანია - Sputnik საქართველო
ირაკლი ალასანიამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრებმა აღნიშნეს, რომ მმართველ პარტიასთან თანამშრომლობას ჯერჯერობით არ აპირებენ.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ საფრთხეს ვერ ხედავენ იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს.

„გამოვთქვამ იმედს, რომ კვირიკაშვილის მთავრობის პირობებში ეს საკითხი, თუ მოხდება საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება, არ იქნება ბოროტად გამოყენებული და იქნება მიმართული ქვეყნის და ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის ინტერესებისთვის“, — განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

არჩევნების პირველი ტურის შედეგებით მმართველი პარტია ლიდერობს. პარლამენტში „ქართული ოცნების“ მანდატების საბოლოო რაოდენობა 30 ოქტომბერს ერთმანდატიან ოლქებში მეორე ტურის ჩატარების შემდეგ გაირკვევა. მმართველ პარტიას უბრალო საპარლამენტო უმრავლესობისთვის კიდევ 9 მანდატი სჭირდება, ხოლო საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის — 46.

ყველა ახალი ამბავი
0