თბილისი, 1 ნოემბერი— Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი გახდა პროფესორი, მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ამერიკული "პროფესორის ოსკარის" მფლობელი მიხეილ ჩხენკელი.
ჩხენკელი თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ დანიშნა. მისი თქმით, ჩხენკელი 2017-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებაში ჩაერთვება. ამჟამად სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.
თსუ-ს განვითარების გეგმის საბოლოო ვარიანტი წლის ბოლოს იქნება მზად.
თსუ-ს ახალმა პრორექტორმა მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი აშს-ის პენსილვანიის უნივერსიტეტში მიიღო. აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში 20 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს, მიიღო უამრავი სამეცნიერო და პედაგოგიური ჯილდო, მათ შორის საუკეთესო სწავლებისათვის "პროფესორის ოსკარი".
აშშ-ს უნივერსიტეტებში მუშაობის პერიოდში ჩხენკელი იყო პროფესორების სენატის წევრი, მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა საკონკურსო კომიტეტების წევრი, ტექნოლოგიების, ანალიტიკური აზროვნების, აკადემიური სტანდარტების კომიტეტების წევრი, მათემატიკური ოლიმპიადების ორგანიზატორი. ის ასევე უნივერსიტეტების პროფესორთა ამერიკული ასოციაციის წევრია.
რაც შეეხება შარვაშიძეს, ის თსუ-ს რექტორი სექტემბერში გახდა. ის დაპირდა დაეკომპლექტებინა სასწავლებელი მაღალკვალიფიციური კადრებით, მისი იმიჯის ამაღლებისა და ახალ დონეზე აყვანის მიზნით.
შარვაშიძე თსუ-ს სათავეში რთულ პერიოდში ჩაუდგა.
რამდენიმე თვის წინ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირებისა და უმაღლესის სპეცსამსახურებისგან "გაწმენდის" მოთხოვნით სტუდენტები საპროტესტო აქციებს ატარებდნენ.
თსუ-ში მომხდარი პროტესტის პირველმა ტალღამ რექტორ ვლადიმერ პაპავას გადადგომა გამოიწვია, რომელმაც მოგვიანებით სტუდენტების დაცვა დაიწყო. მეორე ტალღა მხოლოდ ორი დღე გაგრძელდა. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, რომელმაც მათ რეფორმების ჩატარების დაპირება მისცა, სტუდენტებმა საპროტესტო აქციები შეაჩერეს.
სტუდენტთა ნაწილი შარვაშიძის რექტორის პოსტზე არჩევითაც უკმაყოფილოა. ისინი მას "მთავრობის კაცად" თვლიან და არ სჯერათ, რომ ის ნამდვილად ჩაატარებს არსებით რეფორმებს.