თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) საქართველოს ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი აღმოჩნდა, რომელიც 2016–2017 წლების მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რიცხვში მოხვდა. რეიტინგს ჟურნალი Times Higher Education ადგენს.
კვლევაში წარმოდეგნილია მსოფლიოს 980 უმაღლესი დაწესებულება. საქართველომ 801–ე ადგილი დაიკავა.
ევროპის მასშტაბით თსუ 354–ე ადგილზეა. მან გაუსწრო ისეთ უნივერსიტეტებს, როგორებიცაა კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიტვა), ლონდონის სამხრეთ სანაპიროს უნივერსიტეტი და სხვა, აღნიშნულია თსუ–ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
თსუ–მა საერთაშორისო ცნობადობისა და ინდუსტრიული შემოსავლის (წარმოებაში გამოგონებებისა და ინოვაციების დანერგვა საქართველოს მასშტაბით) კომპონენტში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.
პირველი ადგილი ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტმა დაიკავა და რეიტინგის არსებობის 12 წლის განმავლობაში პირველად, ჰარვარდის (აშშ) უნივერსიტეტი „შეავიწროვა“.
უნივერსიტეტები ხუთი ძირითადი კრიტერიუმით შეაფასეს: სწავლება (სასწავლო გარემო), კვლევა (რაოდენობა, შემოსავალი და რეპუტაცია), ციტირება (კვლევის გავლენა), საერთაშორისო ცნობადობა (პერსონალი, სტუდენტები და კვლევა), ინდუსტრიული შემოსავალი (წარმოებაში გამოგონებებისა და ინოვაციების დანერგვა).
Times Higher Education–ის რეიტინგი აკადემიური რეპუტაციის ერთ–ერთ უმსხვილეს მსოფლიო კვლევას წარმოადგენს.