თბილისი, 26 სექტემბერი— Sputnik. ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მოთხოვნები მთლიანად შეესაბამება მთავრობის გეგმებს, უნივერსიტეტში სიტუაციის შეფასებისას განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
სასწავლო პროცესი თსუ-ში საპროტესტო აქციით დაიწყო. "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლებმა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ახალარჩეულ რექტორს გიორგი შარაშიძეს ახალი მოთხოვნებით მიმართეს.
"გასაგებია, რომ სტუდენტები ცხელსისხლიანი ადამიანები არიან, მათ ყველაფერი და ერთბაშად უნდათ, მაგრამ ყველაფრის ერთად გაკეთება არ შეგვიძლია… ეს ყველაფერი ღია კარის მტვრევას ჰგავს, ჩვენ ხომ სწორედ იმას ვგეგმავთ, რასაც მოითხოვენ ჩვენგან სტუდენტები",- განაცხადა ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.
მინისტრის თქმით, სტუდენტებს არ სჯერათ იმის, რომ განათლების სისტემაში მთავრობა ახალ რეფორმებს ნამდვილად განახორციელებს, ცვლილებების დასანერგად დროა საჭირო, ხაზი გაუსვა მინისტრმა.
" ჩვენ ყველა სტუდენტთან მივაღწევთ საბოლოო ჯამში, რომ ყველა იჯდება ერთად, ერთ მაგიდასთან და ერთად შევიმუშევებთ ცვლილებებს,”- განაცხადა ჯეჯელავამ.
განათლების მინისტრმა სტუდენტურ არეულობაში დადებითი მხარეც შენიშნა. კერძოდ მან აღნიშნა, რომ დღეს ყველამ დაინახა, როგორ ექცევა ახლანდელი ხელისუფლება ხალხს: დგას და უსმენს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს.
ჯეჯელავამ ასევე აღნიშნა, რომ იზიარებს დღეს გაჟღერებულ სტუდენტურ მოთხოვნებს, რადგან ისინი ეხება უნივერსიტეტის დამოუკიდებლობას, განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და უმაღლესის საქმიანობაში სტუდენტთა ჩართულობას.
თსუ-ში პროტესტის პირველი ტალღა ჯერ კიდევ შარშან დაიწყო და რექტორ ვლადიმერ პაპავას გადადგომა გამოიწვია. მეორე ტალღა მხოლოდ ორ დღეს გაგრძელდა. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ სტუდენტებმა საპროტესტო აქციები შეაჩერეს. გიორგი კვიორიკაშვილმა მათ რეფორმების ჩატარების პირობა მისცა.
დღესდღეისობით, სტუდენტთა ნაწილი უკმაყოფილოა განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებით და აღნიშნავენ, რომ მთავრობის მიერ მოცემული დაპირებები დაპირებებად დარჩა და რეალური ცვლილებები არ მომხდარა.