თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა თსუ-ს რექტორის არჩევნებში განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი შერვაშიძის დარეგისტრირებას აპროტესტებს. არჩევნები 23 სექტემბერსაა დაგეგმილი.
შარვაშიძე თანამდებობიდან 9 სექტემბერს გაათავისუფლეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით. ის მანამდეც აცხადებდა, რომ არ გამორიცხავდა რექტორის არჩევნებში მონაწილეობას.
„განათლების სამინისტრო ერევა უნივერსიტეტის საქმიანობაში. უნდა დამთავრდეს ის დრო, როცა რექტორის თანამდებობაზე განათლების მინისტრები და მინისტრების მოადგილეები ინიშნებოდნენ“, — განაცხადა თსუ-ს თვითმმართველობის წევრმა ბახვა კვირიკაშვილმა.
სტუდენტური თვითმმართველობის წევრების თქმით, ასეთი ადამიანების რექტორად დანიშვნა უნივერსიტეტს არ წაადგება და მის შემდგომ განვითარებასაც ხელს შეუშლის.
„ჩვენი პირველი რიგის ამოცანაა უნივერსიტეტის ავტონომიურობის დაცვა… თუ მთავრობას დახმარება უნდა და უნივერსიტეტზე ზრუნავს, დაფინანსება გამოგვიყოს“, — აღნიშნა სტუდენტმა შოთა კეჟერაშვილმა.
ამ დროისათვის მიმდინარეობს თსუ-ს რექტორის არჩევნებში მონაწილეთა რეგისტრაცია. საბუთების შეტანის ბოლო ვადა 14 სექტემბერია. არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი აქვთ. მათ უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის განვითარების კონცეფცია და გეგმა, ცნობა ნასამართლევობაზე და ასევე ცნობა ნარკოდამოკიდებულების თაობაზე.
შეგახსენებთ: რამდენიმე თვის წინ თსუ-ს სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირებისა და უნივერსიტეტის სპეცსამსახურებისგან გაწმენდის მოთხოვნით.
საპროტესტო აქციების პირველ ტალღა რექტორ ვლადიმერ პაპავას თანამდებობიდან გადადგომა მოჰყვა, რომელიც მოგვიანებით სტუდენტების მხარეს დადგა. მეორე ტალღა მხოლოდ ორ დღეს გაგრძელდა. სტუდენტებმა აქცია პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ შეწყვიტეს, რომელმაც მათ რეფორმების გატარების პირობა მისცა. ამ ხნის განმავლობაში რექტორის მოვალეობას პროფესორი დარეჯან თვალავაძე ასრულებდა.