თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მოუწოდა ყველას, მათ შორის მოსწავლეებსა და სტუდენტებს, მაქსიმალურად მომთხოვნი იყონ მისა და მთლიანად სამინისტროს მიმართ, რადგან სწორედ მათ შეუძლიათ გააუმჯობესონ განათლების სისტემა.
ჯეჯელავამ სამინისტროს Facebook გვერდზე თავისი მორიგი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც შეეცადა ეპასუხა ყველა იმ შეკითხვაზე, რომელიც მან საქართველოს მოქალაქეებისგან ელექტრონული პოსტით ან Facebook-ით მიიღო.
„განათლების სისტემას აუმჯობესებს თვითონ მოსწავლე თავისი მოთხოვნებით, მაღალი სტანდარტებით, თავისი შრომით, ამიტომ სწავლის დაწყებამდე ყველას მოგიწოდებთ იყოთ ჩვენს მიმართ მაქსიმალურად მომთხოვნი…ზოგადად, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ისე, რომ ქართული განათლების სისტემა რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი გახდეს, და მოგცეთ ძალიან ხარისხიანი განათლება, და ეს ათწლეულების შემდეგ კი არ მოხდება, არამედ რამდენიმე წელიწადში“,- განაცხადა ჯეჯელავამ.
მინისტრმა ასევე უსურვა მოსწავლეებსა და სტუდენტებს კარგი დასვენება და ძალების მობილიზაცია იმისათვის, რომ 15 სექტემბრიდან მათ მთელი თავისი ენერგია სწავლისკენ მიმართონ.
ჯეჯელავამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქართული სკოლა უნდა შეიცვალოს, მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ ლოგიკური აზროვნება და ინფორმაციის გაანალიზება და არა მისი დაზეპირება.
„სანამ არ იყო ინტერნეტი, სკოლასა და პედაგოგს ინფორმაციაზე მონოპოლია გააჩნდა. ანუ უნდა დაგვეჯერებინა ის, რასაც ყვებოდა ისტორიისა ან ბიოლოგიის მასწავლებელი. ასლა ნებისმიერ ბავშვს შეუძლია შევიდეს Google-ში, გადაამოწმოს ნებისმიერი ინფორმაცია ინტერნეტით და ზოგჯერ უფრო ახალი ინფორმაცია მიიღოს, ვიდრე სახელმძღვანელოშია დაწერილი”,- ხაზი გაუსვა ჯეჯელავამ.
მინისტრის სიტყვებით, მეცნიერებებისა და არქეოლოგების დახმარებით ხდება ინფორმაციის მუდმივი განახლება. ისინი მსოფლიოს ახალ ცოდნას აწვდიან, რომელიც სკოლაში უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სტუდენტებთან ერთად მუშაობას აპირებს, რათა ქართულ უნივერსიტეტებში მათ ყველა საჭირო ცოდნის მიღება შეძლონ.
ჯეჯელავას სიტყვებით, საქართველოს განათლების სისტემა საერთაშორისო აკრედიტაციისკენ მიემართება, და ქვეყანამ უნდა მიაღწიოს, რომ ქართული უნივერსიტეტების დიპლომები (ეს შეეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უმაღლეს სასწავლებლებს) საერთაშორისო სტანდარტებს გაუტოლდნენ.