თბილისი, 27 ოქტომბერი– Sputnik. უსახლკაროთა პრობლემა საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში მას სათანადო ყურადღება არ ეთმობა, ნათქვამია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მინიტორინგის ცენტრის" კვლევაში.
დღესდღეისობით სახელმწიფოს არ გააჩნია უსახლკარობის ხედვა და მასთან ბრძოლის სტრატეგია, ინფორმაცია მის გამომწვევ მიზეზებსა და უსახლკაროთა რაოდენობაზე, ასევე უსახლკაროთა პრევენციისა და რეაგირების ერთიანი სისტემა, აღნიშნავენ დოკუმენტის ავტორები.
"კვლევამ აჩვენა, რომ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან უსახლკარობასთან ბრძოლის პოლიტიკის არქონა და სუსტი მუნიციპალური პოლიტიკა ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევას სრულიად ფრაგმენტარულს ხდის და ადგილობრივ დონეზე თანამედროვე და ეფექტური მიდგომების შემუშავებას გამორიცხავს",-აღნიშნულია კვლევაში.
ორგანიზაცია ქვეყნის ხელმძღვანელობას რეკომენდაციით მიმართავს შემუშავდეს ერთიანი სტრატეგია, რომელიც კვლევის მონაცემებს დაეყრდნობა. ავტორებს მიაჩნიათ, რომ სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესში ჩართული უნდა იყონ არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის აპარატი და თვით უსახლკაროები.
კვლევაში აშნიშნულია, რომ უსახლკარობის დაძლევის გრძელვადიანი სერვისები, მათ შორის სოციალური საცხოვრისის და საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის პროგრამები ფაქტიურად არ მოქმედებს, რაც, თავის მხრივ, უსახლკაროთა მდგომარეობის შეცვლას შეუძლებელს ხდის.
უკიდურესი სიღარიბის მიუხედავად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არქონის გამო, უსახლკარო პირებს არ შეუძლიათ დარეგისტრირება სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ასევე მათთვის მიუწვდომელია სოციალური დახმარება, აღნიშნულია დოკუმენტში.
მცირე საფინანსო რესურსები და სერვისები, რომლებიც მოკლევადიან და გადაუდებელ საჭიროებებზეა მიმართული, უსახლკაროთა პრობლემებს გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ გადაჭრის, ხაზს უსვამენ კვლევის ავტორები.
2015 წლის ნოემბრიდან მიმდინარე წლის აგვისტომდე, მხოლოდ თბილისის რაიონულ ადმინისტრაციებს უსახლკაროთა სტატუსის რეგისტრაციის თხოვნით 2 ათას 750 მოქალაქეზე მეტმა მიმართა. კომისიამ მხოლოდ 501 განაცხადი განიხილა. აქედან დადებითი რეკომენდაცია 275 პირზე გაიცა, უარი მიიღეს 191 შემთხვევაში.
ადრე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დედაქალაქში აღწერა ჩაატარეს და უსახლკაროების მონაცემთა ბაზა შექმნეს. აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 3 ათას ოჯახს არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი და პრაქტიკულად ცხოვრობენ ქუჩაში.
ამ მონაცემთა ბაზაში მოხვდნენ ოჯახები, რომლებმაც დაკარგეს სახლები სტიქიური უბედურების შედეგად, იპოტეკური კრედიტისა ან სოციალური პრობლემების გამო. იქ არ შევიდა მონაცემები უძულებით გადადგილებულ პირთა შესახებ, რადგან მათი პრობლემებით შესაბამისი სამინისტროა დაკავებული.