თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. დღეისათვის თბილისში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 86 ათასი ოჯახი ელოდება გამოსახლებას, ეს ადამიანები პრაქტიკულად უსახლკაროები არიან, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ თავმჯდომარე თამარ იოვაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა უსახლკაროთა მონაცემთა ბაზა შექმნეს და დედაქალაქში აღწერა ჩაატარეს, რის შედეგადაც 2360 პრაქტიკულად ქუჩაში მცხოვრები ოჯახი გამოავლინეს.
„ჩვენ მხოლოდ იმათ აღვწერდით, ვინც ქონება თბილისში დაკარგა, ანუ რეგიონებიდან ჩამოსულებს არ ვითვალისწინებდით. თუმცა საქართველოს რეგიონებშიც ვაპირებთ აღწერის ჩატარებას. ოთხი თვის განმავლობაში მთელი საქართველოს მოვლას ვგეგმავთ“, — თქვა იოვაშვილმა.
ღწერაში არ ჩართულან ლტოლვილები, ვინაიდან მათი პრობლემებით შესაბამისი სამინისტროა დაკავებული. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში მოხვდნენ ოჯახები, რომლებმაც სახლკარი სტიქიური უბედურების, იპოთეკური კრედიტისა და სოციალური პრობლემების გამო დაკარგეს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელმაც სწორად უნდა განსაზღვროს უსახლკაროს სტატუსი.
„მიგვაჩნია, რომ უსახლკაროა არა მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც ახლა ღია ცის ქვეშ ცხოვრობს, არამედ ისიც, ვისაც არ გააჩნია ქონება და ბინის ქირის გადახდის შესაძლებლობა“, — აღნიშნა იოვაშვილმა.
ამას გარდა, კანონპროექტი თ არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობას უსახლკაროთა საქმეებით დაკავებული კომპეტენტური ორგანოს შექმნას სთხოვს.
იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანას ჯერ კიდევ არ აქვს ასეთი ბიუჯეტი, ჯერ არ შეგვიძლია სრულად მას დავაკისროთ ბინების აშენება და უსახლკაროებისთვის გადაცემა. ჩვენ მთავრობას ვთავაზობთ ამ მიმართულებით მოქმედების დაწყებას, რათა ამ ადამიანებმა საქართველოს მოქალაქეებად იგრძნონ თავი, იგრძნონ, რომ სახელმწიფომ თუნდაც რაღაცით დაიწყო მათზე ზრუნვა“, — აღნიშნა იოვაშვილმა.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ 1907 ოჯახის ბინის ქირაზე თბილისში დაახლოებით 7 მლნ ლარი იხარჯება წელიწადში, აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
„ეს უზარმაზარი თანხაა, რომელიც ჰაერში იყრება და თუ სწორად მოვახდენთ მის აკუმულირებას და ამ ოჯახებისთვის საერთო საცხოვრებლის ან თავშესაფრის აშენებისკენ მივმართავთ, ამით მეტი სარგებელი იქნება“, — თქვა იოვაშვილმა.
ამ დროისათვის „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ კონსულტაციებს მართავს პარლამენტარ გია ჟორჟოლიანთან, რომელმაც კანონპროექტის მაისში ინიცირება აღუთქვა ორგანიზაციას.
საქართველოში უსახლკაროთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ბევრ ოჯახს მიტოვებულ და საცხოვრებლად უვარგის შენობებში უწევს ცხოვრება, რის გამოც ჯანმრთელობის პრობლემები ეწყებათ.
უმძიმესი სტრესული სიტუაცია, რომელშიც უსახლკაროები აღმოჩნდებიან ხოლმე, ხელს უშლის მათ საკუთარი უფლებებისთვის შესაბამისად ბრძოლაში. ასეთ პირებს აუცილებლად უნდა გაეწიოთ სამართლებრივი და ფსიქოლოგიური დახმარება, რათა სტრესს გაუმკლავდნენ და საზოგადოებაში ინტეგრირება შეძლონ, — მიაჩნია თამარ იოვაშვილს.
თბილისელი მიხეილ გუდაძე ამბობს, რომ სახლი 1993 წელს დაეწვა. სადაზღვევომ მაშინ მწირი თანხა გადაუხადა, იმდენი, რომ მხოლოდ რამდენიმე პური იყიდა.
„სახლი რომ დამეწვა, უკრაინაში წავედი, სამეცნიერო საქმიანობას ვეწეოდი, მერე დავოჯახდი. საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტეთ, აქ კი სა ხლი არ გვაქვს. ისნის ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში ვცხოვრობთ. ერთი ოთახი გვაქვს, დაახლოებით 20 კვადრატული. ვცხოვრობ მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად. არანაირი პირობა რა გვაქვს: არც შუქია, არც გაზი, არც კანალიზაცია, არც წყალი“, — ამმბობს მიხეილ გუდაძე და ამატებს, რომ მეუღლე ტუბერკულოზით დაავადდა.
ისნის ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრებთაგან 140 ბავშვია.
საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია უსახლკაროების პრობლემის მოგვარება და არგუმენტად ყველა უსახლკაროსთვის ბინით დასაკმაყოფილებლად საკმარისი სახსრების არქონას ასახელებს, აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
ორგანიზაციამ პროექტი „სოციალური მხარდაჭერა უსახლკაროებს“ წამოიწყო, რომელიც გახლავთ გაგრძელება პროექტისა „უსახლკაროთა პირისპირ“.
პროექტის მიზანი მხოლოდ საზოგადოების ყურადღების მიქცევა და გამოსავლის ძებნა კი არ არის, არამედ სახელმწიფოს მიერ საკუთარი უსახლკარო მოქალაქეების მიმართ ვალდებულებების თანმიმდევრული შესრულებაა.