თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. თბილისში, პარლამენტის შენობასთან „უსახლკაროთა შესახებ“ ახალი კანონის მიღების მოთხოვნით რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. კანონპროექტი ითვალისწინებს ამ ადამიანების რეგისტრაციას და მათთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებას, იუწყება Sputnik-ს კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან.
აქციის ორგანიზატორები — „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ და „თავისუფალი თაობა“ — შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან იმ შემთხვევაში თუ ახალი კანონის დამტკიცების პროცესი გაჭიანურდება. ეს უკვე მეხუთე საპროტესტო აქციაა.
„ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ჩვენთან ერთად განიხილა. მომავალ კვირაში სპეციალური სამუშაო ჯგუფი მუშაობას შეუდგება. ჩვენ, დეპუტატებთან და იურისტებთან აღნიშნულ კანონპროექტში შესატან დამატებას მოვამზადებთ, რომელიც უსახლკაროს სტატუსის მინიჭების ნებას იძლევა“, — განაცხადა ორგანიზაციის „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ თავმჯდომარემ თამარ იოვაშვილმა.
როგორც იოვაშვილმა აღნიშნა, კანონის მიღებისა და უსახლკაროს სტატუსის მინიჭების შემდეგ მთავრობა ვალდებული იქნება, ეს ადამიანები საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ამ დროისთვის საპროტესტო აქციის შეჩერება გადაწყვიტეს.
საქართველოში უსახლკაროთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.