თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. თბილისში, მთავრობის შენობასთან უსახლკაროთა აქცია გაიმართა. ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ.
უსახლკაროების რიგით მეშვიდე საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტიდან დაიწყო, შემდეგ აქციის მონაწილეებმა მთავრობის შენობასთან გადაინაცვლეს.
„გვინდა, რომ შეიქმნას იურიდიული პირი, რომელიც უსახლკაროთა საქმეებს წარმართავს. პარლამენტი ამ ინიციატივაზე არ დაგვთანხმდა, როგორც მათ განგვიმარტეს, ეს მოთხოვნა რომ შესრულდეს, მთავრობის მხარდაჭერა უნდა გვქონდეს“, — განაცხადა უფლებადამცველმა თამარ იოვაშვილმა Sputnik-თან საუბრისას.
დღეს შეკრებილებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ სოციალური სამსახურები მათ გულგრილად ეკიდებიან, მათ გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსს ადვილად უხსნიან.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, დანერგილია სტატუსის მინიჭებისა და ქულების დათვლის მეთოდოლოგიის ახალი სისტემა, სადაც საცხოვრებლის ფართობიც არის გათვალისწინებული.
„მაგალითად, ცხოვრობდა ცოლ-ქმარი. მათ სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდათ. ერთ-ერთი მეუღლე გარდაიცვალა და აღმოჩნდა, რომ ცოცხლად დარჩენილისთვის საცხოვრებელი ფართი უკვე ისეთი დიდია, რომ სტატუსი მოუხსნეს. ამ ადამიანის მატერიალური მდგომარეობა ხომ არ გაუმჯობესებულა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ?! ეს, უბრალოდ, იდიოტიზმია“, — აღნიშნა იოვაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ ასევე მოითხოვა იპოთეკური კრედიტების გამო ოჯახების გამოსახლების შეჩერება, სანამ არ ამოქმედდება ახალი კანონი „უსახლკაროების შესახებ“.
„უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ უკვე მეორე წელია, ახორციელებს პროექტს „უსახლკაროთა პირისპირ“ და ხელისუფლებისგან კანონის მიღებას მოითხოვს, რომელიც უსახლკაროების რეგისტრაციასა და მათთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.
შარშან „უმუშევართა კავშირმა დასაქმებისათვის“ თბილისის მასშტაბით უსახლკაროების რეგისტრაცია ჩაატარა და მონაცემთა ბაზა შექმნა, რომელშიც 4 ათასამდე უსახლკარო ოჯახია რეგისტრირებული. ამჟამად ორგანიზაცია რეგისტრაციას ქვეყნის რეგიონებში აგრძელებს. მონაცემები ცნობილი აგვისტოს ბოლოს გახდება.