თბილისი, 25 ოქტომბერი– Sputnik. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილ წევრებს უპრინციპოები უწოდა.
"თავისუფალი დემოკრატებიდან" წასულებმა დავით ონოფრიშვილმა, ზურაბ აბაშიძემ და გია ცაგარეიშვილმა სამშაბათს თავის მომხრეებს მოუწოდეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა მისცენ "ქართული ოცნების" კანდიდატებს.
"ყოველთვის თავს ვიკავებდი, რომ თავდემებზე რამე მეთქვა უარყოფითი, მაგრამ ახლა უბრალოდ უნდა ვთქვა, რომ სამარცხვინო პრესკონფერენცია იყო. და მართლა მიხარია, რომ თქვენნაირი უპრინციპო ხალხი პარლამენტში აღარ იქნება",- წერს კაპანაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ონოფრიშვილმა, აბაშიძემ და ცაგარეიშვილმა "თავისუფალი დემოკრატების" მათი ლიდერის ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლისთანავე პარტია დატოვეს. თავისი გადაწყვეტილება ალასანიამ მას შემდეგ გაახმოვანა, რაც ცნობილი გახდა, რომ "თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტში ვერ შევლენ.
"თავისუფალი დემოკრატების" პარტიაში ყოფილი თანაპარტიელების ოცნებასთან თანამშრომლობის პოზიციას მიუღებელი უწოდეს.
„თავისუფალი დემოკრატებისთვის“ ეს არის პრინციპულად მიუღებელი, რადგან ჩვენ პრინციპულ ოპოზიციაში წავედით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან… სამწუხაროა, რომ ჩვენი თანაპარტიელი ვერ გამოვიდა საბჭოთა მენტალიტეტიდან და მას ოპოზიციაში ყოფნა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჰგონია",- განაცხადა ნინო გოგუაძემ.
"ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილ წევრებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
"არა მარტო "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილ წევრებთან, არამედ ყველასთან, ვისაც სახელმწიფო მნიშვნელობის თემებთან დაკავშირებით გამოცდილება და საინტერესო აზრი გააჩნია, თანამშრომლობა რა თქმა უნდა, შესაძლებელია. თუმცა, თანამშრომლობის ფორმების შესახებ კონსულტაციები არ ყოფილა",- ტელეარხ "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა ვოლსკიმ.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მონაწილეობა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ კოალიცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში მიიღეს, რომელმაც გაიმარჯვა არჩევნებში და მთავრობა ჩამოაყალიბა. 2014 წლის ბოლოს პარტიამ დიდი სკანდალით დატოვა კოალიცია, რომელიც შემდეგ მთლიანად დაიშალა.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", რომელიც თავდაპირველად კოალიციის საფუძველს წარმოადგენდა, არჩევნების შედეგების მიხედვით ლიდერობს. მისი საბოლოო ბედი 30 ოქტომბერს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში მეორე ტურში გადაწყდება. საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად "ქართულ ოცნებას" 9 კანდიდატის გამარჯვება სჭირდება, საკონსტიტუციიო უმრავლესობის მოსაპოვებლად კი — 46 კანდიდატის.