თვრამეტი წლის ქართველმა მოდელმა მსოფლიო ბრენდის შოუში მონაწილეობის მისაღებად კასტინგის პირველი ეტაპი ნიუ-იორკში 24 ოქტომბერს უკვე გაიარა.
მაგრამ ამით არ დამთავრებულა — თაკო ნაცვლიშვილს კიდევ ერთი შერჩევა ელოდება.
ინფორმაცია Victoria’s Secret-ის კასტინგში ქართველი მოდელის მონაწილეობის შესახებ სოციალურ ქსელში გოგონას დედამ ნინო ცქიტიშვილმა გაავრცელა. ნინო თავისი ქალიშვილის ფანატებს სთხოვს, არ გაუსწრონ მოვლენებს და წერს, რომ პირველ და უტყუარ ინფორმაციას Victoria’s Secret-ის ჩვენებაზე თაკოს მოხვედრის თაობაზე მისგან შეიტყობენ.
თაკო ნაცვლიშვილი მოდის სამყაროში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. 2016 წლის იანვარში მან მონაწილეობა მიიღო პარიზის მოდის კვირეულში. ჩვენებაზე Haute Couture ნაცვლიშვილი ცნობილი ლიბანელი კუტიურიეს ზუჰაირ მურადის სამოსში გამოჩნდა.
უფრო ადრე, 2015 წლის ოქტომბერში ის საქორწინო კოლექციის სახე გახდა. გარდა ამისა, წელს გოგონა იტალიური ბრენდის Giorgio Armani პრეტ-ა-პორტე Collezioni-ს ხაზის გაზაფხული-ზაფხული 2016-ის სახე გახდა.
თაკო ნაცვლიშვილი საქართველოში მოდელისა და სამოდელო სააგენტო Look Models-ის დამფუძნებლის ნინო ცქიტიშვილის ქალიშვილია. მოდელი მონაწილეობდა ისეთი ცნობილი მოდელიერების ჩვენებებში, როგორებიც არიან Elie Saab, Versace, Christian Dior, Giorgiо Armani, Dolce & Gabbana, Yohji Yamamoto, Ermanno Scervino, Moncler, Antonio Berardi და Roland Mouret.
ქართველი მოდელი ასევე ამშვენებდა მსოფლიოში ცნობილი ჟურნალების Vogue და Harper’s Bazaar გარეკანებს.
როგორც ცნობილია, წელს Victoria’s Secret-ის შოუ პარიზში პირველად გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ, ტრადიციულად, Victoria’s Secret-ის ჩვენებები ნიუ-იორკში ტარდება, ბრენდისთვის პარიზი პირველი საერთაშორისო „თავგადასავალი“ არ იქნება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Victoria’s Secret-ის „ანგელოზები“ დეფილეზე გამოვიდნენ ლონდონის, ლოს-ანჯელესის, მაიამისა და კანის პოდიუმებზე.
ქალის თეთრეულის ჩვენება 2016 წლის 30 ნოემბერს გაიმართება. მას 5 დეკემბერს CBSTV-ს არხზე 190-ზე მეტ ქვეყანაში აჩვენებენ.
სავარაუდოდ, ჩვენებაში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი მოდელები, როგორებიც არიან ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო, ლილი ოლდრიჯი, ელზა ჰოსკი, ჟასმინ ტუკსი, რომი სტრეიდი, სარა სამპაიო და სხვები.
შოუ ასევე ცნობილია მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსების გამოსვლითაც, მათ შორის არიან სელენა გომესი, ჯასტინ ბიბერი, ტეილორ სვიფტი, რიანა და სხვები. წლევანდელი მუსიკალური თანხლების დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
Victoria’s Secret მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული კომპანიაა ქალის თეთრეულის გაყიდვის მხრივ. ყოველ სეზონზე Victoria’s Secret მართავს შოუს, სადაც სუპერმოდელების მეშვეობით სიახლეებს წარმოადგენს.
Victoria’s Secret-ის „ანგელოზები“ ყველაზე ცნობილი მოდელები არიან. „ანგელოზების“ დებიუტი 1998 წელს, ყოველწლიურ მეოთხე ჩვენებაზე შედგა.
მოდელებს „ანგელოზებს“ იმიტომ უწოდებენ, რომ ისინი ყოველწლიური ჩვენების დროს, ტრადიციულად, პოდიუმზე ზურგზე სხვადასხვა, მრავალფეროვანი ფრთებით გამოდიან, რომლებიც პეპლების, ანგელოზების, ჩიტებისა და ფერიების ფრთებს ჰგავს.