ლიზა შელია
ჩვენებები თბილისის სხვადასხვა ადგილზე გაიმართა — ნახევრადდანგრეული და მიტოვებული შენობიდან დაწყებული, ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკითა და თბილისის ძველი სახლის აივნით დასრულებული. განათების ეფექტები, სწორად შერჩეული ადგილები კოლექციებს განსაკუთრებულ დატვირთვასა და იერს სძენდნენ. თბილისის მოდის კვირეულზე საკუთარი ნამუშევრები როგორც ცნობილმა, ისე დამწყებმა ქართველმა დიზაინერებმა წარმოადგინეს.
დიზაინერებმა, ძირითადად, ქალის ტანსაცმელი წარმოადგინეს, თუმცა ზოგიერთმა საკუთარ კოლექციაში მამაკაცის კოსტიუმები, ძირითადად, „ქეჟუალის“ (ყოველდღიური ტანისამოსი) სტილის სამოსი ჩართო.
ზოგადად, ახალ სეზონზე ქართველი დიზაინერების შთაგონების წყარო ძლიერი ქალი გახდა. დიზაინერები საკუთარი ხედვის წარმოჩენას — როგორია ის, XXI საუკუნის ქალი — წარმოდგენილი ნიმუშების საშუალებით შეეცადნენ.
თბილისის მოდის კვირეულზე საუკეთესო დამწყები დიზაინერი გამოვლინდა. ელენე გოცირიძემ, რომლის კოლექციასაც „სკანდინავიური ფოლკი“ ერქვა, უფლება მოიპოვა მომავალი წლის თბილისის მოდის კვირეულზე სრული კოლექცია წარმოადგინოს.
ასიმეტრიული სილუეტი, მოკლე შორტი თავისუფალ კოსტიუმთან შეხამებული, გვერდებზე ჩაჭრილი შარვალი, მოკლე ტოპები — ყოველივე ეს აქტიურად იყო გამოყენებული ქართველი დიზაინერების კოლექციებში.
დიზაინერ ლაშა ჯოხაძის ქალი — ელეგანტური, გრაციოზული და დახვეწილი გემოვნებისაა. დიზაინერმა საღამოს კაბები წარმოადგინა, რომელშიც ძირითადად შავი, თეთრი და წითელი ფერები იყო გამოყენებული. თითქმის ყველა კაბაზე დატანილი იყო თოლიები. სწორედ თოლია იყო ლაშა ჯოხაძის კოლექციის სიმბოლო.
„წელს აქტუალური ცხოველების თემატიკაა, ყველაფერი ნატურალური და ბუნებრივი, შესაბამისად, თემატიკისთვის მე თოლია ავირჩიე. ფრთაგაშლილი თოლიას ნაქარგი სვაროვსკის თვლებითაა დაფარული“, — განაცხადა ჯოხაძემ.
დიზაინერმა გიორგი თათანაშვილმა უფრო მეტი აქცენტი მოხერხებულ ტანსაცმელზე შეაჩერა და „ქეჟუალის“ სტილში შექმნილ ტანსაცმელს ავანგარდის ელემენტები დაამატა.
ახალი სეზონის მოდა, მთლიანობაში, მოულოდნელობებითაა აღსავსე. მან უნდა გაგაკვირვოთ, უფრო მეტიც, შოკი მოგგვაროთ ქსოვილების შეუსაბამობით, ტონალობითა და სტილით. იმისთვის, რომ მოდურად გამოიყურებოდეთ, უნდა შეძლოთ ყველას გაკვირვება.
მაგალითად, საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა დიზაინერ ანი დათუკიშვილის ჩვენება, რომელმაც კოლექცია DALOOD-ის მარკით წარმოადგინა. დიზაინერის შთაგონების წყარო 90-იანი წლების გაფუჭებული ტელევიზორი გახდა. ის ხაზები და ფერები, რომლებიც ეკრანზე ჩნდებოდა, კოლექციის ნამუშევრებზე მაქმანების სახით იყო დატანილი.
„მინდოდა მეჩვენებინა, ძლიერი ქალის უკან თუ როგორ იმალება საკმაოდ სუსტი არსება“, — აღნიშნა დათუკიშვილმა.
ბოტფორდები — ეს სეზონის ტრენდია, ტყავის, ნატის, ყველა ფერისა და ტონალობის. ბოტფორდები პალტოსა და მოკლე ქურთუკზე, გრძელ ქვედაბოლოსა და მინი კაბაზე — აქტუალურია პრაქტიკულად ყველა სტილზე.
ხავერდი, ტყავი, ბეწვი, ფერთა მრავალფეროვნება, სხვადასხვა ნაწიბური და თარგი — ყოველივე ეს შეიძლება ერთმანეთს მიუსადაგოთ და არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებსა და ფანტაზიებს. ბოტფორდები კარგი იქნება ნაქსოვ ჟაკეტებთან და კაბებთან, რომელსაც დიდი ორნამენტები ექნება.
სეზონის ტრენდია ასევე მასიური საყურეები, სამაჯურები, სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურების ყელსაბამები. შავ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილი პატარა ზომის ჩანთები და სხვადასხვა თანამედროვე აქსესუარები წარმოადგინა ბრენდმა Éthéré Accessoire.
ქართველი დიზაინერების ყურადღების ცენტრში მოხვდა შიშველი მხრებიც. კაბები, მაისურები — ნებისმიერი ზედატანი ამოჭრილი მხრებით მოდურად ითვლება.
დიდი ჯიბეები, შარვალი-შლაქსი, არასტანდარტული ფეხსაცმელი – თქვენი მოდურობის გარანტი გახდება.
თბილისის მოდის კვირეულს ბაერებთან ერთად უცხოური მოდის ჟურნალების რამდენიმე ათეული ჟურნალისტიც ესწრებოდა, რომლებიც საკუთარი ქვეყნის მოდის სამყაროს თბილისური მოდის შესახებ მოუთხრობენ. მანამდე კი ისინი საქართველოს მდიდარ კულტურასა და ღირსშესანიშნაობებს ეცნობიან.
მოდის კვირეული ამ სფეროს თაყვანისმცემლებს გაზაფხულამდე დაემშვიდობა. დასკვნითი ჩვენება აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა 12 ქართველი დიზაინერის კოლექცია დაეთვალიერებინა.