თბილისობაზე ფესტივალმა ქართველ მაყურებელს სრულყოფილებით გამოწვეული ბედნიერება და სიხარული მიანიჭა.
როცა სევილიელები ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მაყურებლის ყურადღებით გაოგნებულები იდგნენ, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა — ქეთი დოლიძემ მიხეილ თუმანიშვილის პრიზით დაჯილდოების ცერემონიისთვის დარბაზიდან დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი და მხატვარი თემო გოცაძე მოიხმო, მესამე პრიზიორი უკვე სცენაზე იდგა — ქალბატონი ევა იერბაბუენა. მამაკაცებმა რაინდულად უმალ დაივიწყეს თავიანთი პრიზები და სპექტაკლის ემოციით შეძრულებმა დუენდეზე დაიწყეს საუბარი.
ფედერიკო გარსია ლორკა წერს: „დუენდე გოეთემ პაგანინთან მიმართებაში განსაზღვრა: „იდუმალი ძალა, რომელსაც ყველა გრძნობს და ვერც ერთი ფილოსოფოსი ვერ აგიხსნით.“ ასე რომ დუენდე ეს არის ძლიერება და არა შრომა, არა აზრი. მახსოვს, ერთი მოხუცი გიტარისტი ამბობდა: „დუენდე ხმაში არ მდგომარეობს, ეს შიგნიდან მოდის, ძირიდან.“ ესე იგი, საქმე ტალანტში კი არა, თანამონაწილეობაშია; ის სისხლშია და სხვა სიტყვებით, რომ ვთქვა — ის უძველეს კულტურაშია, შემოქმედებით უნარშია.“
დუენდეს იდუმალი ბგერები გვიახლოვდებოდა ნელ-ნელა, შეპარულად, რომელიც ოპერისა და ბალეტის თეატრის ჭაღებით შემკობილ დარბაზს ვნებათა მრუმე და ტრაგიკულ საბურავში ახვევდა. ესპანური დასის წარმოდგენა — „წვიმა“, ფლამენკოს ცეცხლოვან ალს ნელ-ნელა აღვივებდა, თვით იმუხტებოდა და მისტიკური ძალით, ხავერდის სკამში რბილად მოკალათებულ მაყურებელს ტორეროს მოქნილი მოძრაობის მსგავსად ხარივით ახელებდა.
პირველ წუთებში მაყურებელთა დარბაზი მთავარი მოცეკვავის — ევა იერბაბუენას პარტერში მსვლელობას ინტერესით თვალყურს ადევნებდა, მას არც ამ ბრწყინვალე მოცეკვავის სცენაზე ასვლა გაკვირვებია და არც პინა ბაუშისა და პედრო ალმოდოვარის ფილმის „დაელაპარაკე მას“ ხანმოკლე ასოციაციები. უბრალო წითელ კაბაში ჩაცმული ევა იერბაბუენა სცენაზე, სავარჯიშო სამოსელში გამოწყობილ დასს ათვალიერებდა, თითქოს ირჩევდა ან იწვევდა მათ. მსოფლიოში აღიარებული ფლამენკოს მოცეკვავე და ლეგენდარული მაია პლისეცკაიას ხელდადებული, მცირე ტანის თეძოჩასხმული ქალბატონი მკაცრად მოძრაობდა სცენაზე. ტემპო-რიტმი ნელი და გაყურსული იყო მანამ, სანამ მომღერალთა ხმებმა, გიტარისტის აჟღერებულმა ბგერებმა და მოცეკვავეთა მოძრაობებმა ერთმანეთთან დიალოგი არ გამართეს.
ამ დიალოგს ენა არ სჭირდებოდა, ის ახსნას არ საჭიროებდა, ვინაიდან მის სიმარტივეში იდო ყველა ადამიანში ჩაბუდებული სიღრმე, რომელიც უნდა გაათავისუფლო, რომელიც უნდა ამოატივტივო, რომელიც უნდა გამოამზეურო, რათა თავი სრულყოფილ ადამიანად იგრძნო. მაგრამ, სანამ ამ პროცესს გაივლი, იქ, ამაღლებულ ფიცარნაგზე უნდა ნახო მოძრაობის დახვეწილი ტექნიკა, მომღერლების მიერ ამოთქმული ბგერების სიძლიერე, გიტარისტის თითების გახელებული შეხება სიმებზე.
მე ვარ სრულყოფილი — გვეუბნებოდნენ ესპანელი მსახიობები და ძალას გვმატებდნენ, გვავსებდნენ და მაყურებლის თვალწინ დაბადებული მშვენიერებით, იმ ფლამეკოს განადიდებდნენ, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიაკუთვნა.
ესპანეთის წიაღში აღმოცენებულმა, არაბული, ინდუსური, ბოშური კულტურების შერწყმით დაბადებულმა ფლამენკომ გასულ საუკუნეში სამშობლოს საზღვრები გაარღვია. 1921 წელს, პარიზში სერგეი დიაგილევს შეუტანია რუსული ბალეტის პროგრამაში. 1943 წელს ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენში“ ფედერიკო გარსია ლორკას ნაწარმოების მიხედვით და სალვადორ დალის დეკორაციით სპექტაკლიც დაუდგამთ. ფლამენკოს არსი ბრწყინვალე მოცეკვავეებს არ ასვენებდა, მისი მწვერვალების დაპყრობა ბევრს უცდია, ბევრსაც კომერციული მიზნებისთვის გამოუყენებია, მაგრამ ევა იერბაბუენას დასის ყოველი წევრი სუფთა ხელებითა, ხალასი გულით შეხებიან ეროვნულ საგანძურს და ალბათ ამიტომ და არა მხოლოდ ამიტომ — ნიჭის წყალობითაც, შრომის უნარითაც შემოქმედებისთვის ეშაფოტზე თავი დაუდიათ.
უბრალოდ შემოსილი მსახიობები, ნელ-ნელა ესპანური ნაციონალური კოსტიუმით იმოსებოდნენ, მარაოებს ვირტუოზული ტექნიკით ათამაშებდნენ და წითელ გრძელ მოსასხამს, ევა იერბაბუენას და მისი პარტნიორის პლასტიკური მოძრაობის წყალობით, თითქმის პერსონაჟად წარმოსახავდნენ.
აზარტულმა მსახიობებმა, სპექტაკლის დაწყებიდან 20 წუთში ქართველი მაყურებლის გულისცემა იგრძნეს, უზარმაზარ დარბაზს ხელი ჩასჭიდეს და სპექტაკლის ბოლომდე ესპანური მისტიკის ატმოსფეროში მოაქციეს. შემსრულებლები სცენაზეც იმავე პროცესს ახორციელებდნენ: თითქოს აქ, ოპერის ფიცარნაგზე დამეგობრდნენ და გამართეს პაექრობა, რომელიც ხშირად, ნამდვილი დუენდეს ძალით, ორთაბრძოლაში გადადიოდა. აქ გასართობს ვერ ნახავდით, თითქმის ყველა ეპიზოდი (რამდენიმეს გამოკლებით) ტრაგიკულად იყო შემოსილი, ოღონდ ეს ტრაგიზმი სიხარულს განიჭებდათ, ვინაიდან მსახიობებთან ერთად განიცდიდი, ვინაიდან იცოდი რომ ცხოვრებაშიც ტრაგედია ტრიალებს, სიკვდილ-სიცოცხლის მარადიული ჭიდილი მძვინვარებს.
„წვიმაში“ ქალი და მამაკაცი ხან ახელებდნენ ერთმანეთს, ხან ხოტბას ასხამდნენ, ხუმრობდნენ. მსახიობები ხან სიუჟეტს ავითარებდნენ და ხან სპონტანურად წარმოშობილ ესკიზს ქმნიდნენ, რომელსაც ვერ მოყვები, ის მარტო უნდა იგრძნო. სხვაგვარად ვერც წარმოაჩენდნენ ესპანური მძიმე კაბის ოსტატურ შრიალს, სავარცხლით დამშვენებული თავის მოძრაობას, ხელის მტევნების უჩვეულო მოქნილობას. ათასნაირ ფერთა ლიცლიცში ყალიბდებოდა ქალისა და მამაკაცის ზოგადი პორტრეტები, რომლებსაც ქმნიდნენ განსხვავებული ასაკის მსახიობები, მომღერლები და გიტარისტი. ცალკეულ ეპიზოდებსა და ნომრებში ნაირფერად ასახული ქალი და მამაკაცი, საბოლოოდ თითქოს ერთიანდებოდა, იზრდებოდა, გიგანტური ხდებოდა და ფინალში დედამიწასა და ცას შორის, ტიტანების მსგავს ფიგურებად აღიმართებოდნენ.
46 წლის ევა იერბაბუენამ თბილისის ოპერის სცენაზე, ქართველ მაყურებელთან ორთაბრძოლაში დაამარცხა ასაკი, დაამარცხა მოდად ჩამოყალიბებული ქალების სიგამხდრისკენ მიდრეკილი ვნებები, დაამარცხა ახალგაზრდა ქალბატონების წარმოდგენა ქალის სიგრძე-სიგანის პარამეტრების შესახებ, ვინაიდან მან და მისმა დასმა დაამტკიცა, რომ თუ შემოქმედებითი უნარი გაქვს და მისი გადმოცემის ძალა შეგწევს, ყველა ადამიანის ჩარაზული სულის კარს გახსნი. ფინალურ სცენის დასაწყისში, რომელიც სპექტაკლის პირველ სცენას ჰგავდა, მაყურებელმა მისი განვითარება უკვე იცოდა: იერბაბუენამ სარეპეტიციო ტანსაცმელში შემოსილ პარტნიორებს გაუარა და თვით პარტერში დაეშვა. მისი გმირი წამოვიდა მაყურებელთა დარბაზიდან, დასთან ერთად უზარმაზარი კოცონი ააგიზგიზა, ტრაგიკულის შეგრძნებით აგვამაღლა და ისევ ხალხში გაუჩინარდა. ალბათ ეს არის ხელოვნება!