თბილისი, 11 ოქტომბერი— Sputnik.ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი და დიზაინერი ირმა შარიქაძე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ GIFT-ში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ის წარმოადგენს პერფორმანს-სპექტაკლს"Tango de Rosas" (ვარდების ტანგო).
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი GIFT საქართველოს დედაქალაქში 2016 წლის 15-25 ნოემბერს გაიმართება. 2016 წელს Sputnik საქართველო ფესტივალ GIFT-ის ღონისძიებათა საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორი გახდა.
"ძალიან დიდი პატივია და პასუხისმგებლობა, როდესაც ასეთი საერთაშორისო ფესტივალი გიწვევს, როგორიცაა GIFT. მინდა მადლობა გადავუხადო პერფორმანსის მონაწილეებს და ყველა მხარდამჭერს",- წერს შარიქაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
"Tango de Rosas" — სპექტაკლ-პერფორმანსია, რომელშიც ოთხი ცეკვით ნაჩვენებია ერთი ქალის სიყვარულისა და ცხოვრების დრამატული ისტორია.
"ვარდი ერთდროულად მშვიდობის, სიცოცხლისა და სიყვარულის სიმბოლოა. ცეკვით მოთხრობილი ისტორია სიყვარულში იმედგაცრუების და ცხოვრებისეული დანაკარგის შემდეგ გვიჩვენებს ქალში პიროვნული ცნობიერების გაღვიძებას",- წერს შარიქაძე.
შარიქაძის თქმით, ტანგო მისი ცხოვრების საუნდტრეკი და თვითგამოხატვის საშუალებაა. არგენტინელები უცხოელების ტანგოს არ აღიარებენ, თვლიან, რომ ეს ცეკვა არგენტინულ ეროვნულ ხასიათს გამოხატავს, მაგრამ გულს და გრძნობას ეროვნება არ გააჩნია, წერს ის.
"ტანგო პირველი სიყვარულივით ჩემს გულს დაეუფლა და მე შვიდი წელი დამჭირდა იმისათვის, რომ ძალები მოვიკრიბო, რომ გაგიზიაროთ ის, რისი თქმაც მსურდა…სიამოვნებით მივუძღვნიდი მთელს ჩემს ცხოვრებას ტანგოს",- დაწერა შრიქაძემ.
ფესტივალის ფარგლებში თბილისში მოწვეულია ტანგოს იტალიელი ვირტუოზი შემსრულებელი, მოდელი, მუსიკოსი და მსახიობი სამუელ ფრაჯიაკომო.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება აშშ-ს, რუსეთის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიის და საქართველოს თეატრალური კოლექტივების გამოსვლები