თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ (GIFT) თეატრალებს ანებივრებს და თბილისს შემოდგომის ფესტივალების ქალაქად აქცევს, განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პრესკონფერენციაზე.
ფესტივალი თბილისში 15 ოქტომბრიდან 26 ნოემბრამდე პერიოდში ჩატარდება, რომელშიც აშშ-ის, რუსეთის, გერმანიის, ესპანეთის, რუსეთისა და საქართველოს თეატრალური კოლექტივები მიიღებენ მონაწილეობას.
„ფესტივალი „საჩუქარი“ უკვე მეთხუთმეტედ იმართება და იგი ყოველწლიურად უფრო საინტერესო ხდება, რითიც თეატრალებს ანებივრებს კიდეც. წლევანდელი ფესტივალის პროგრამა ძალზე საინტერესოა: ჩვენ გველოდება ევროპის ქვეყნების, რუსეთისა და აშშ-ის თეატრალური კოლექტივების სპექტაკლები. და ამ პერიოდში ჩვენი ქალაქი შემოდგომის ფესტივალების ქალაქს ემსგავსება, რომელიც ბევრ სტუმარს მასპინძლობს, რომლებიც პარალელურად ჩვენს ქალაქს ათვალიერებენ, აგემოვნებენ ქართულ ღვინოსა და სამზარეულოს“, — განაცხადა ნარმანიამ.
ფესტივალი „საჩუქარი“ 15 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნება. ფესტივალს მხატვარ თემო გოცაძის პერსონალური გამოფენა გახსნის, რის შემდეგაც 20:00 საათზე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მაყურებლის წინაშე ევა იერბაბუენა წარდგება წარმოდგენით „წვიმა". სპექტაკლის დასრულებისთანავე, ტრადიციულად, გაიმართება დაჯილდოება მიხეილ თუმანიშვილის პრემიით „ხელოვნებაში სრულყოფილებისთვის“.
ფესტივალს დაემატა ახალი პროგრამა — „ფოკუსშია იტალია“. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში კინომსახიობთა თეატრის საგამოფენო სივრცე თემო გოცაძისა და მანანა მენაბდის პერსონალურ გამოფენებს უმასპინძლებს.
„Sputnik საქართველო“ 2016 წელს ფესტივალის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორია. სპექტაკლების პროგრამის ხილვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია აქ.
სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც თეატრების სალაროებში, ისე ვებ-გვერდზე biletebi.ge.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, თბილისის მერია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად, ყოველწლიურად სიამოვნებით უჭერს მხარს ფესტივალს.