ინდოეთის დედაქალაქში BRICS-ის სამიტის პარალელურად გაიმართება ყოველწლიური ორმხრივი სამიტი რუსეთი-ინდოეთი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი. BRICS-ის სამიტის მთავარი თემები იქნება ტერორიზმთან ბრძოლა, სირიაში ვითარების მოგვარება, ასევე მსოფლიო ეკონომიკაში სტაბილურობის ზრდა.
რუსეთის პრეზიდენტი ინდოეთის პრემიერთან, სავარაუდოდ, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. გარდა ამისა, პუტინი და მოდი მონაწილეობას მიიღებენ ატომური ელექტროსადგური „კუდანკულამის“ მეორე ენერგობლოკის გაშვებაში და მესამე და მეოთხე ენერგობლოკების საფუძვლის ჩაყრაში.
BRICS — სახელმწიფოთაშორისი არაფორმალური გაერთიანებაა. მასში შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
პუტინმა საინფორმაციო სააგენტოებთან მსოფლიო ეკონომიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სფეროში და ფინანსებში კვლავ რთული ვითარებაა, ჯერ კიდევ არ არის გადალახული გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგები. ამასთან დაკავშირებით სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ქვეყანა დაგროვილი პრობლემების გადაჭრას პროტექციული ზომებით, დახურული და გაუმჭვირვალე პროექტების შექმნით ცდილობს, როგორიცაა, მაგალითად, ტრანსწყნარიოკეანის პარტნიორობა ან ტრანსატლანტიკური სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობა, განაცხადა პუტინმა.
რუსეთი, ისევე, როგორც BRICS-ის სხვა წევრები, ღია ეკონომიკური სივრცეებს ემხრობიან, რომლებიც ვმო-ს (ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია) პრინციპებს ემხრობიან, აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის განცხადებით, 2015 წელს უფაში შეხვედრისას, რომელშიც მონაწილეობდნენ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ამ ორგანიზაციასთან დამკვირვებელი სახელმწიფოების შემადგენლობაში შემავალი ქვეყნები, განხილული იყო რეგიონული და ტრანსრეგიონული მასშტაბის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შერწყმის საკითხები. „ამ კონტექსტში ასევე დავაყენეთ ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის შერწყმის იდეა. პერსპექტივაში ეს პროცესი, შესაძლოა, დიდი ევრაზიული პარტნიორობის საფუძველი გამხდარიყო ქვეყნების ფართო წრის მონაწილეობით, რომლებიც შედიან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში. პარტნიორობა ღია იქნება ყველა დაინტერესებული ქვეყნის შემოერთებისთვის და აიგება ტრანსპარენტულობასა და ურთიერთპატივისცემაზე“, – აღნიშნა პუტინმა.
ამ ინიციატივის რეალიზებისთვის შესაძლებელია BRICS-ის ქვეყნების თანამშრომლობის პოტენციალის ამოქმედება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ამ წინადადების მხარდაჭერაში ინდოეთის იმედი აქვს.
სააგენტოს კითხვაზე პასუხად რუსეთის ლიდერმა ისაუბრა ინდოეთსა და რუსეთს შორის არსებულ სივრცეში დაძაბულობაზეც და კონკრეტული მაგალითის სახით აღნიშნა, რომ შემაშფოთებელია ავღანეთში არსებული მდგომარეობა და აუცილებელია მტკიცე მოქმედებები, რათა ეს ქვეყანა გაუმკლავდეს ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა ტერორიზმი, ექსტრემიზმი, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა. ავღანეთის დახმარების საკითხში რუსეთი და ინდოეთი თანამოაზრეები არიან, დასძინა პუტინმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თანამშრომლობა BRICS-ის ფარგლებში უფრო ეფექტური და კონკრეტული გახდეს, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ორგანიზაცია ერთ-ერთი საკვანძო ელემენტია იმ მრავალპოლარულ სამყაროში, რომელიც ამჟამად ყალიბდება. „ხუთეულის“ მონაწილეები უცვლელად ემხრობიან საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, ხელს უწყობენ გაეროს ცენტრალური როლის გამტკიცებას.
„ჩვენი ქვეყნები არ მიიღებენ ძალისმიერი ზეწოლის პოლიტიკას და სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტის შელახვას. ჩვენი მიდგომები აქტუალური საერთაშორისო პრობლემებისადმი, მათ შორის სირიის კრიზისისადმი, ახლო აღმოსავლეთში ვითარების მოგვარებისადმი, ჰარმონიულია“, — განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
სამიტების შემაჯამებელ დეკლარაციებში დასტურდება, რომ ჩვენ ერთგული ვართ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ძირეული პრინციპებისა, რომელშიც ცენტრალური კოორდინატორის როლი გაეროს ენიჭება. ამ მხრივ გამონაკლისი არ იქნება გოაში შეხვედრაც. იმ ფონზე, როდესაც დასავლეთის რიგი სახელმწიფოები თავისი ცალმხრივი მიდგომების გატანას ცდილობენ, ასეთ პოზიციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, აღნიშნა პუტინმა.
ამჟამად BRICS-ში არსებობს თანამშრომლობის 30-ზე მეტი სახელმწიფოთაშორისი ფორმატი პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ სფეროებში, ასევე უსაფრთხოებისა და სამართალდაცვით საქმიანობაში, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
„ვფიქრობ, რომ თანამშრომლობამ BRICS-ის ფარგლებში უკვე დაიწყო პრაქტიკული შედეგები მოცემა. აუცილებელია მათ გამტკიცებაზე მუშაობა და იმ თემების მოძებნა, რომლებიც „ხუთეულის“ ქვეყნებისთვის საერთო ინტერესს წარმოადგენს“, — დასძინა ვლადიმირ პუტინმა.