თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. სააგენტო „ბლუმბერგის“ ვერსიით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყველაზე გავლენიან პირთა ტოპ-50-ში ოცდამეათე ადგილი დაიკავა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
რეიტინგში პირველ ადგილზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი გავიდა, მეორე პოზიცია აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებმა დონალდ ტრამპმა და ჰილარი კლინტონმა გაინაწილეს, რომლებსაც ჩინეთის ლიდერი სი ცზიპინი მოჰყვება, ხუთეულს კი ინტერნეტ-კომპანია Amazon.com-ის ხელმძღვანელი და აეროკოსმოსური კომპანია Blue Origin-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი აგვირგვინებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინი დიდად არ ღელავს ენერგომატარებლების მსოფლიო ფასებისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო. როგორც მან სააგენტოსთან ინტერვიუში განაცხადა, რუსეთს ოქროსა და ვალუტის საკმაო მარაგი აქვს.
„ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ მსოფლიო ახლა იმის მოლოდინშია, რა ნაბიჯს გადადგამს რუსეთის პრეზიდენტი და რა შედეგს იქონიებს მისი ქმედებები მსოფლიოს ფინანსურ და ეკონომიკურ ვითარებაზე.