თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი თვლის, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მისი პარტია ურჩობისათვის დასაჯა და ეს აისახა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე.
ივანიშვილმა 2012 წელს მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ დააფუძნა, როლის შემადგენლობაშიც რესპუბლიკური პარტიაც შევიდა. მიმდინარე წელს „რესპუბლიკელებმა“ მიიღეს გადაწყვეტილება ჩამოსცილებოდნენ კოალიციას და არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიეღოთ.
შედეგად, პარტიამ ხმათა მხოლოდ 1,55% მოაგროვა. და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ვერ მოხვდა.
„ბიძინა ივანიშვილმა ურჩობისთვის სრულიად მიზანმიმართულად დაგვსაჯა, რადგან მისი რჩევა არ გავითვალისწინეთ და ამის უფლება მას ჰქონდა. მოკლედ, ბიძინას მოტანილი ბიძინამ წაიღო», — აღნიშნა უსუფაშვილმა.
არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან მრავალრიცხოვანი შეხვედრები გამართა, რომლის დროსაც მკვეთრად აკრიტიკებდა რესპუბლიკურ პარტიას.
მთელი მისი საჯარო კამპანია აქეთ იყო მიმართული და მეც იძულებული გავხდი, მის განცხადებებზე ნაწილობრივ მეპასუხა. ეს ამბავი საერთოდ არ უნდა მომხდარიყო.“, — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ამომრჩეველმა კოალიციურ პერიოდზე პასუხისმგებლობა სრულად დააკისრა რესპუბლიკურ პარტიას და იმავე პერიოდში მათი დამსახურება ვერ დაინახა.
„პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში ჯერ პოლიტიკური კულტურა დამკვიდრებული არ არის. ამომრჩევლის ერთმა ნაწილმა დაინახა ის, რომ ჩვენ კოალიციური ვალდებულებები პირნათლად შევასრულეთ, უმრავლესობა არ დავშალეთ და სამთავრობო კრიზისები არ დავუშვით", — თქვა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის განცხადებით, ის მარცხის მიუხედავად ის პოლიტიკაში რჩება, თუმცა არანაირ სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნას, ბიზნესში, ან უცხოეთში წასვლას არ გეგმავს.
„არჩევნებში მარცხი იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას ოდნავ მაინც შევასუსტებ. პირიქით, ძალა მომემატა და მომემატა ვალდებულება იმ ამომრჩევლის მიმართ, რომელმაც მხარი დამიჭირა.
მე არ და ვერ ვიქნები აღმასრულებელ ხელისუფლებაში, არ ვგეგმავ არანაირ სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნას და არ ვაპირებ ბიზნესში, ან უცხოეთში წასვლას. ვრჩები პოლიტიკაში, ვიქნები აქტიური და ვეცდები, ადეკვატური ნაბიჯები გადავდგა იმ გამოწვევებთან, რის წინაშეც ქართული პოლიტიკური სისტემა და საზოგადოება დადგა“, — განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ბოლო დროს „რესპუბლიკური პარტია“ არა ერთხელ გამხდარა ივანიშვილის მხრიდან კრიტიკის ობიექტი. ერთ-ერთ თავის გამოსვლაში მან თქვა, რომ უკმაყოფილოა „რესპუბლიკური პარტიასთან თანამშრომლობით და მათ ცუდი პარტნიორები უწოდა.
2012 წელს „რესპუბლიკელები“ ხელისუფლებაში მმართველი ხელისუფლების „ქართული ოცნების“ კოალიციის შემადგენლობაში მოვიდნენ.2016 წლის აგვისტომდე რესპუბლიკელებს ხელისუფლებაში სამი მინისტრი ჰყავდათ ხოლო პარლამენტში „ქართული ოცნების“ შემდეგ ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქცია.
მიმდინარე წლის მარტში რესპუბლიკელებმა განაცხადეს, რომ 8 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში კოალიციისგან დამოუკიდებლად მიიღებდნენ მონაწილეობას. საბოლოოდ „რესპუბლიკური პარტია“ კოალიციას ივლისის ბოლოს გამოეყო.