თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ საქართველოს დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის იოსებ გოგაშვილის ხელი ურევია, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
დეპუტატის ავტომობილი თბილისის ცენტრში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ახლოს აფეთქდა. ავტომობილში აფეთქების დროს იმყოფებოდნენ თარგამაძე და მისი მძღოლი. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, რამდენიმე გამვლელი კი სერიოზულად დაშავდა.
„ყველამ იცის, გივი თარგამაძეს ვისთან ჰქონდა პოლიტიკური დაპირისპირება, ესაა სუს-ი და მისი უფროსი გოგაშვილი… ესაა საკვანძო მარიონეტი ივანიშვილის ბნელ საქმეებში“, — განაცხადა ბოკერიამ.
ამასთან, პოლიტიკოსმა უარი განაცხადა იმის უტყუარად მტკიცებაზე, რომ ინციდენტი ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ეჭვის საფუძველი, რა თქმა უნდა, არის. მომხდარზე პასუხისმგებლობა ბოკერიამ ქვეყნის ხელისუფლებას დააკისრა.
გოგაშვილს ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
აფეთქებიდან ცოტა ხანში საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა გააფრთხილა ისინი, ვინც დაგეგმა და ააფეთქა თარგამაძის მანქანა, რომ ისინი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან. მან აღნიშნა, რომ გამოძიება უკვე დაწყებულია და დამნაშავეთა დაკავებისთვის ყველა აუცილებელი ღონისძიება ტარდება.
ინციდენტი საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე და „ნაცმოძრაობის“ მიერ გამოცხადებული მიტინგის წინა დღეს მოხდა. არჩევნები 8 ოქტომბერს არის დანიშნული.
ვიცე-პოლკოვნიკი იოსებ გოგაშვილი სუს-ის უფროსის პირველი მოადგილეა გასული წლის აგვისტოდან, ამ უწყების შექმნის დღიდან.
გოგაშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. მას ხშირად უწოდებენ ადამიანს, რომელიც ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებს კურირებს.
მიმდინარე წლის სექტემბერში „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გოგაშვილი თავის თანაპარტიელებზე ზეწოლაში და „ქართულ ოცნებაში“ მათი გადაბირების მცდელობაში დაადანაშაულა.