თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. სამშაბათს თბილისის ცენტრში მომხდარ აფეთქების ფაქტს გვიან ღამით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა.
სამშაბათს, საღამოს თბილისის ცენტრში, კოლმეურნეობის მოედანზე ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. ამ დროს მანქანაში გივი თარგამაძე და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ, რომლებიც მსუბუქად დაშავდნენ. აფეთქების შედეგად დაიჭრა შემთხვევით გამვლელი 5 ადამიანი — ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე დაზიანდა ახლოს მდგარი ავტომანქანები და მაღაზიების ვიტრინები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა „დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის“ მუხლით. საქართველოს კანონმდებლობით აღნიშნული დანაშაული 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
"მინდა მივმართო ამ პროვოკაციის დამგეგმავებს და განმახორციელებლებს — თქვენ აუცილებლად უმკაცრესად აგებთ პასუხს კანონის წინაშე. ვერც ერთ დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერანაირი იმუნიტეტი ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა! ყველა აგებს პასუხს!" — თქვა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მმართველი ძალა არ დაუშვებს ქვეყანაში პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას.