თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტიის „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ დეპუტატი ეკია ბესელია იმედს გამოთქვამს, რომ დეპუტატ გივი თარგამაძეზე თავდასხმას პოლიტიკური მოტივი არ აქვს.
დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანა სამშაბათს საღამოს კოლმეურნეობის მოედანზე ააფეთქეს. ამ დროს ავტომანქანაში გივი თარგამაძე და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ, რომლებიც მსუბუქად დაშავდნენ. წინასწარი მონაცემებით დაჭრილია 4 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათგან ერთის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. აფეთქების შედეგად ასევე დაზიანდა ახლოს მდგარი ავტომანქანები და მაღაზიების ვიტრინები.
„მთავარია, რომ თარგამაძე ჯანმრთელადაა. რაც შეეხება ფაქტს, მოდით ეს საგამოძიებო ორგანოებს მივანდოთ, რომლებიც დაადგენენ რასთან გვაქვს საქმე. იმედს გამოვთქვამ, რომ ამ ფაქტს პოლიტიკური განცხადებები არ მოჰყვება და პოლიტიკურ სარჩულს არ დაუდებენ… დაველოდოთ გამოძიების ვერსიას და შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები“, — თქვა ბესელიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.
დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა „დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის“ მუხლით
საქართველოს კანონმდებლობით აღნიშნული დანაშაული 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.