თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესს უკავშირდება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
დეპუტატის ავტომობილი თბილისის ცენტრში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ახლოს აფეთქდა. ავტომობილში აფეთქების დროს იმყოფებოდნენ თარგამაძე და მისი მძღოლი. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, რამდენიმე გამვლელი კი სერიოზულად დაშავდა. ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ აფეთქებაზე პასუხისმგებელი მმართველი პარტიაა.
„მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის მოტივი საბოლოოდ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, გვაქვს მყარი საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს აქტი პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებთან. შემაშფოთებელია, რომ დანაშულის აქტის განხორციელებისთანავე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან გაისმა ბრალდებები „ქართული ოცნებისა“ და ხელისუფლების მიმართ“, — განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.
გუშინდელმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ძალაუფლების მიტაცებისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელი, აღნიშნა მან.
„მკაცრად ვაფრთხილებთ ამ ადამიანებს, უარი თქვან დანაშაულებრივ განზრახვებზე“, — განაცხადა კობახიძემ.
ინციდენტი საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე და „ნაცმოძრაობის“ მიერ გამოცხადებული მიტინგის წინა დღეს მოხდა. არჩევნები 8 ოქტომბერს არის დანიშნული.
კობახიძემ მოუწოდა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ყურადღებით მიადევნონ თვალი ნაციონალური მოძრაობის აქციას, ასევე პროცესებს შემდეგი სამი დღის განმავლობაში.
„საარჩევნო პროცესი ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა და, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ, რათა გამოვრიცხოთ ყველანაირი დივერსია და პროვოკაცია ამ პროცესში“, — აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა გააფრთხილა ისინი, ვინც დაგეგმა და ააფეთქა თარგამაძის მანქანა, რომ ისინი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან. მან აღნიშნა, რომ გამოძიება უკვე დაწყებულია და დამნაშავეთა დასაკავებლად ყველა აუცილებელი ღონისძიება ტარდება.
სამართალდამცველი ორგანოები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ. ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმით ახსნა, რომ ხელისუფლებას „ნაცმოძრაობის“ მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლო პროვოკაციების შესახებ ინფორმაცია აქვს.
ნაციონალურ მოძრაობაში ხელისუფლების ბრალდებები არაერთხელ უარყვეს. ისინი აცხადებენ, რომ პროვოკაციები მმართველი პარტიის ინტერესებშია.