ჟან-ფრანსუა პროფესიით სოციალური ლინგვისტია. უკვე რამდენიმე წელიწადია, საქართველოში პერიოდულად ჩამოდის სამუშაოდ და იკვლევს, როგორ ითვისებენ ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართულ ენას.
რა ვიცოდი საქართველოზე?
ერთხელ მეგობრებთან ერთად ევროპაში ვმოგზაურობდი. ჩვენი მარშრუტის ბოლო პუნქტად საქართველო იყო მონიშნული და სწორედ მაშინ, 2014 წელს მოვხვდი პირველად თქვენს ქვეყანაში.
მართალია, ტურისტად ჩამოვედი, მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ქვეყანა, სადაც კვლევებს სიამოვნებით ჩავატარებდი.
რა ვიცოდი ამ ქვეყანაზე? ბევრი არაფერი. კანადაში საქართველოს შესახებ ინფორმაციის მოძიება რთულია. განსაკუთრებით, თუ მხოლოდ ინგლისური და ფრანგული ენები იცი. ასეთ შემთხვევაში წყაროდ მხოლოდ მსხვილი გამოცემები თუ გამოგადგება. მაგალითად, ჟურნალი „ნეიშნლ ჯეოგრაფიკი“ (National Geographic), გაზეთი „გარდიანი“ (Guardian), ტელე-რადიო სამაუწყებლო კორპორაცია BBC. თუმცა ყველაზე მეტი ინფორმაცია მაინც რუსულენოვან რესურსებზე მოვძებნე, ბლოგერებისა და მოგზაურების ჩანაწერებში, რომლებიც საქართველოში იყვნენ ნამყოფები.
მართალია, მონრეალის უნივერსიტეტში კავკასიის ისტორიას გვასწავლიდნენ, მაგრამ პროგრამას მეტად ზოგადი ხასიათი ჰქონდა. მაგალითად, სახელმძღვანელოდან ვიცოდი, რომ საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო და ამიტომ მეგონა, რომ აქ ყველა რუსულად ლაპარაკობდა. მაგრამ თურმე ვცდებოდი. რუსული ენა, როგორც მოგვიანებით შევიტყვე, კარგად იციან თბილისში, სხვა მსხვილ ქალაქებში, სამცხე-ჯავახეთშიც რუსულად ლაპარაკობენ ადგილობრივი სომხები. მაგრამ სვანეთში და სხვა რეგიონებში რუსულად, პრაქტიკულად, არავინ ლაპარაკობს.
გულღია და კეთილგანწყობილი ქვეყანა
საქართველოს გაცნობა იმერეთიდან დავიწყე, უფრო ზუსტად, ქუთაისის აეროპორტიდან, სადაც ჩამოვფრინდი.
ჩემი პირველი შთაბეჭდილება საქართველოზე ამინდს უკავშირდება. კანადაში მკაცრი, კონტინენტური ჰავაა, ზამთრობით 20-25 გრადუსიანი ყინვები იცის. ამას ძლიერი ქარები, ყინულივით წვიმები, თოვლიანი ქარიშხლები და თქვენ სრული წარმოდგენა შეგექმნებათ ჩრდილოეთ ამერიკის ზამთარზე. რაც შეეხება ზაფხულს, ის ჩვენში ნესტიანია. აქ კი 45 გრადუსიანი პაპანაქება დამხვდა. აქ ძლიერი სიცხეები სცოდნია…
კიდევ რა დამამახსოვრდა?
არასდროს დამავიწყდება, როგორ მოძრაობს ტრანსპორტი გზებზე… ყველგან ქაოსია, მძღოლები ერთმანეთს პატივს არ სცემენ, მოძრაობის წესებს გამუდმებით არღვევენ. იცით, ამას უკვე ისე აღვიქვამ, როგორც ადგილობრივი მძღოლების დაუწერელ კანონს… აღარ ვილაპარაკებ ამაზე, იმიტომ რომ ამ თემაზე კომენტარის კეთება ძალიან ძნელია. კანადელისთვის ასეთი „მოძრაობა“, უბრალოდ, საშინელებაა!
რადიკალურად განსხვავებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ხალხმა. ვისთანაც კი რამე ურთიერთობა მქონია, ყველა კეთილგანწყობილი, გულითადი, კეთილი და დახმარებისთვის მზადმყოფი გამოდგა. ასე რომ, უამრავი სასიამოვნო მოგონება დამიტოვეს.
ჰოსტელში ვცხოვრობდით. ერთადერთი უცხოელი ვიყავი, ვინც რუსული იცოდა და თარჯიმნის მოვალეობასაც ვასრულებდი სხვა უცხოელებისთვის.
ქართველებს უყვართ ადამიანური ურთიერთობები. ყველაფერი აინტერესებდათ: როგორი ქვეყანაა კანადა, როგორი ხალხია კანადელები, რა ღირს კვების პროდუქტები ან ღვინო…
ქართული სიტყვები და ფრაზები მასწავლეს, რომლებიც გამუდმებით სჭირდება ადამიანს: ნახვამდის, გმადლობთ, ბოდიში… თუ ვინმეს ქართულად ვეტყოდი გამარჯობას, ბავშვებივით უხაროდათ და საოცრად თბებოდნენ ჩემს მიმართ, ისე მეპყრობოდნენ, როგორც ღვიძლ ნათესავს… ამის დავიწყება შეუძლებელია.
ახლა უკვე ბევრად უკეთ ვიცი ქართული, ასე ვთქვათ, საყოფაცხოვრებო დონეზე, და ქართულად ველაპარაკები ხოლმე ადგილობრივებს.
ქართველები… მათთან ურთიერთობის მერე აღმოვაჩინე, რომ ეს ქვეყანა მხიბლავს და მიზიდავს. აქ არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს.
საქართველო… ჯავახეთმა და სვანეთმა გამაოგნა. ამ მხარეებში ტურისტების ნაკლებობაა. ადამიანებმა არ იციან, რომ ასეთი საოცარი ადგილები არსებოს. ამაზე ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტითაც ძნელია. რატომ? არ ვიცი. ეს მე არ უნდა მკითხოთ.
მრავალეროვანი საქართველო და ენობრივი ბარიერები
ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი მიმართულება — ეს კავკასიის პრობლემების შესწავლაა. კანადაში დაბრუნებულს უნდა ამერჩია ქვეყანა, სადაც კვლევებს ჩავატარებდი: ჩეჩნეთი ან საქართველო…. და საქართველო ვარჩიე, იმიტომ რომ იმ ერთი ტურისტული მოგზაურობიდან უამრავი სასიამოვნო მოგონება გამყვა სამშობლოში.
და აი, ისევ საქართველოში ვარ და ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში ვმუშაობ.
ჩემი კვლევის არსი, რომელსაც ასევე კანადელ არქეოლოგთან ერთად ვატარებ, იმაშია, რომ მაინტერესებს, როგორ ახორციელებს მთავრობა ქართული ენის სწავლების პროგრამას ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.
ჩემი მთავარი მიზანია შევისწავლო, როგორ მუშაობენ მასწავლებლები ასეთ რეგიონებში და რას აკეთებს რეგიონის ხელისუფლება მათთვის ხელშესაწყობად. იცით, არსებობს სოფლები, სადაც საერთოდ არ იციან ქართული და ეს უმთავრესი პრობლემაა. კარგით, დავუშვათ იქ მივლენილი მასწავლებელი ბავშვებს ქართულად დაელაპარაკება და ენასაც შეასწავლის, მაგრამ იმათ მშობლებს რა ენაზე უნდა ელაპარაკოს?
თუმცა პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. შორეულ სოფლებში სამუშაოდ წასვლა ცოტას თუ უნდა, იმიტომ რომ ადგილობრივებთან ურთიერთობა რთულია. რატომ? იმიტომ რომ მასწავლებელმა რუსული და არც სომხური არ იცის, ხოლო ადგილობრივმა მოსახლეობამ — ქართული. მოკლედ, რაღაც ჩაკეტილი წრე გამოდის.
ერთი მხრივ, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ საკუთარი ენა და კულტურა შეინარჩუნონ, მაგრამ მეორე მხრივ, აუცილებლად უნდა იცოდნენ ქართული, თორემ ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციას ვერ მოახერხებენ.
ჯავახეთში ჩემი თანდასწრებით მოხდა ასეთი ისტორია: ერთ კაცს მოუვიდა ჯარიმის ქვითარი, რომელიც, რაღა თქმა უნდა, ქართულად იყო შედგენილი. კაცმა ვერაფერი გაუგო ქვითარს და იძულებული გახდა, ქართულის მასწავლებელთან წასულიყო და დახმარება ეთხოვა…
ულამაზესი ქართული დამწერლობა
ქართული ენა, ერთი შეხედვით, საკმაოდ რთულია სასწავლად… ბევრი დიალექტი და კილოკავი გაქვთ და მიჭირს მათი გაგება. ყველაზე კარგად „თბილისური“ მესმის. კახეთში რომ ვმუშაობდი, საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რას მელაპარაკებოდნენ კახელები. სხვათა შორის, სვანეთშიც იგივე დამემართა.
ძალიან მომწონს ქართული დამწერლობა — უნიკალური და ყველასგან განსხვავებული. ჯერ კიდევ კანადაში ვეძებდი ინტერნეტში მასალებს, სადაც სხვადასხვა კალიგრაფიით შესრულებული ქართული ანბანი იყო ნაჩვენები. უნდა გითხრათ, რომ ეს იყო პირველი და უდიდესი ბიძგი ქართული ენის შესწავლისთვის… ძალიან მინდოდა ამ ულამაზესი ასოებით წერა და კითხვა მცოდნოდა.
მნიშვნელოვანი „წვრილმანები“
ახლა ცოტა რამ ფასებზე. იქნებ უცნაურად მოგეჩვენოთ ჩემგან, მაგრამ ფასები საქართველოში არც ისე დაბალია. მაგალითად, ნორმალური ბინის ქირაობა თბილისის ცენტრში დაახლოებით იმდენივე ღირს, რამდენიც მონრეალში. თუმცა, აქ გადასახადები ბევრად დაბალია, ვიდრე კანადაში.
მკაცრი კლიმატის გამო, ჩვენში ხილი და ბოსტნეული ისეთი გემრიელი არ არის, როგორც საქართველოში. აქ საკმაოდ იაფად, სადღაც ნახევარი დოლარიდან ერთ დოლარამდე დიაპაზონში, შეგიძლია იყიდო საუკეთესო პომიდორი. კანადაში კი ერთ კილო პომიდორში 3 დოლარი უნდა გადაიხადო და თანაც, ასეთი გემრიელიც ვერ იქნება.
ქართველებს, ზოგადად, უგემრიელესი სამზარეულო გაქვთ. ჩემი უსაყვარლესი კერძი აჯაფსანდალია, იმიტომ რომ ბევრი ბოსტნეული შედის.
თბილისური საცობები… ამ მხრივ ამ პატარა ქალაქში ზუსტად მონრეალივით სიტუაცია გაქვთ. განსხვავება მხოლოდ მძღოლების ქცევაშია.
***
ჩემთვის საქართველო პატარა მსოფლიოა. ზღვა გინდა? აგერ, ბატონო. მთა გინდა და აქ ამის მეტი რა არის? თანაც, ყურისძირში. თუ უდაბნოში მოისურვებთ გასეირნებას, ორი საათი და უკვე იქ ხარ… მოკლედ, საქართველოში ყველაფერია. კანადაში კი, მაღალი მთები რომ ნახო, სამი ათასი კილომეტრი უნდა გაიარო.
ქართული პეიზაჟების მსგავსი სხვაგან არსად მინახავს. და რამდენი ტაძარი გაქვთ, რამდენი ციხესიმაგრე?!
საქართველო — ეს ბუნების საოცრებაა. ეს უძველესი ტაძრებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლების ქვეყანაა, რაც პირდაპირ მანცვიფრებს. წარმოგიდგენიათ, შეგიძლია XII საუკუნის ტაძარი ნახო საკუთარი თვალით!
კი, ჩემი სამშობლოს ისტორიაც საუკუნეებს მოიცავს, მაგრამ ქართველებს ლამის ორჯერ მეტი ხნის ეკლესიები გაქვთ!
ძალიან შემიყვარდა თქვენი ქვეყანა. ჩემთვის ის მეორე სამშობლოსავითაა. აი, დავბრუნდები კანადაში, თან ამ ჩემ „პატარა მსოფლიოს“ გავიყოლებ გულით და იქ სწორედ საქართველოს წარმომადგენელი ვიქნები.