თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები დარჩა და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება ახალმა სკანდალმა მოიცვა. ამაში დამნაშავე აღმოჩნდა პარტია „ცენტრისტები“ თავისი წინასაარჩევნო რგოლით.
„ცენტრისტების“ რეკლამა წინასაარჩევნო დაპირებებით, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და რუსეთისდროშებიანი ტანკების ფოტოების თანხლებით მიდის, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში გავიდა. ამ ფოტოების ფონზე პარტია მოსახლეობას დაჰპირდა „რუსულ პენსიას“, რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებას საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონის მიღებას.
საქართველოს არჩევნების ისტორიის განმავლობაში ყველაზე სკანდალური წინასაარჩევნო რეკლამა პარტიის გაუქმების მოთხოვნის საფუძველი გახდა.
კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ვალდებულია, ყველა დარეგისტრირებულ პარტიას წინასაარჩევნო რეკლამისთვის საეთერო დრო გამოუყოს.
„ცენტრისტები“ და ბედუკაძე
პარტია „ცენტრისტები“ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა თემურ ხაჩიშვილმა დააფუძნა. პარტიამ საკუთარ თავზე ხმამაღლა განაცხადა ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნების წინ, მას შემდეგ, რაც პარტიის ლიდერი ქართულ საპატიმროებში წამების ამსახველი კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე გახდა. ამ კადრებმა მაშინ დიდი გავლენა მოახდინა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგზე.
ბედუკაძემ, რომელიც პატიმრების წამებაში თავად მონაწილეობდა, საქართველო დატოვა. მასზე ინტერპოლით ძებნა იყო გამოცხადებული. ის სამშობლოში 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაბრუნდა და პატიმრების წამების შესახებ მრავალ საქმეზე მისცა ჩვენება.
2013 წლის ივნისში ბედუკაძეს, განსაკუთრებული დამსახურებისთვის, მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობით ყველა ბრალდება მოუხსნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბედუკაძის გათავისუფლება შეცდომა იყო.
საზოგადოება აღშფოთებულია
თუ თავდაპირველად „ცენტრისტების“ რეკლამით აღშფოთებული საზოგადოება სოციალურ ქსელებში პოსტებით შემოიფარგლებოდა, კვირას, საღამოს მან საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ საპროტესტო აქცია მოაწყო. რეკლამის ეთერში გასვლიდან ერთი დღის შემდეგ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერიდან მისი მოხსნის გადაწყვეტილება მაინც მიიღო.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი აჩერებს პოლიტიკური პარტია „ცენტრისტების“ საარჩევნო რეკლამის განთავსებას პირდაპირ ეთერში. მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებელი ვალდებულია, ყველა პარტიას და საარჩევნო ბლოკს გამოუყოს სარეკლამო დრო და მაუწყებელი არ არის პასუხისმგებელი რეკლამების შინაარსზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ამ კონკრეტული რეკლამის შეჩერების შესახებ, რადგან მაუწყებელი ფიქრობს, რომ რეკლამის შინაარსი ქვეყნის სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს შეიცავს“, — აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.
საკითხის შესწავლას კომუნიკაციების ეროვნული კომისია შეუდგა.
პარტია, შესაძლოა, გააუქმონ
დეპუტატები მმართველი პარტიიდან საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანასა და პარტია „ცენტრისტების“ გაუქმების მოთხოვნას აპირებენ. ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განაცხადა.
„პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ საარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით ამ პარტიის შეხედულებები და დაპირებები, რომელიც მათ საარჩევნო კლიპებში ჟღერდება, არა მხოლოდ მიუღებელია ჩვენთვის, არამედ ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ეს არის მოღალატეობრივი რიტორიკა, რაც, ცხადია, ჩვენი საზოგადოების მხრიდან მიღებული არ იქნება. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მსგავსი შინაარსის მოწოდებები“, — დაწერა ვოლსკიმ.
საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთ სარჩელს „რესპუბლიკური პარტია“ ამზადებს.
„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური პარტია „ცენტრისტების“ მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაჟღერებული განაცხადი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის ნორმას, ასევე „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის მოთხოვნებს. მიგვაჩნია, რომ ამ პარტიის დაპირება არის კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მითითებული ნორმების დარღვევა, თუ არაფერს ვიტყვით ჩვენი მოქალაქეების შეურაცხყოფაზე, რომლებმაც თავი გაწირეს სამშობლოს მთლიანობისთვის ბრძოლაში“, — აღნიშნულია „რესპუბლიკელების“ განცხადებაში.
„ცენტრისტების“ წინააღმდეგ ღიად გამოვიდა ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაცია“, რომელმაც ცესკოს „ცენტრისტების“ დაჯარიმება და პარტიის რეკლამის აკრძალვა მოსთხოვა უკანონო აგიტაციისთვის.
მთავრობა და ბედუკაძე
„ცენტრისტების“ კრიტიკით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც.
„საქართველოს მთავრობა კვლავაც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა კანონიერ და დემოკრატიულ ბერკეტს, რათა არ დაუშვას ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა და მიესალმება ყველა შესაბამის ინიციატივას არასამთავრობო თუ პოლიტიკური სექტორის მხრიდან“, — ნათქვამია კვირიკაშვილის განცხადებაში.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა მხარს უჭერს დამოუკიდებელ მედიას, მაგრამ დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ანტისახელმწიფოებრივი ინფორმაციის ტირაჟირებას.
„ჩვენ მივესალმებით საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ისეთი საარჩევნო აგიტაცია, რომელიც მიმართულია სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ასევე, მოვუწოდებთ ყველა სხვა მედიასაშუალებას, მაქსიმალურად ეცადონ, არ გახდნენ პროპაგანდის მსხვერპლი, თუნდაც გაუაზრებელი მოქმედებებით. სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში გაზრდილი ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის ფარგლებში გვმართებს განსაკუთრებული ყურადღება“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.
თავად ბედუკაძე უარყოფს ბრალდებას ღალატში, ანტისახელმწიფოებრივ რეკლამაში.
„მინდა გავაფრთხილო რესპუბლიკური პარტია და სხვა პარტიები — ცეცხლს ეთემაშებით, თქვენ ხართ სამშობლოს მოღალატეები, სამშობლოს მტრები. ერთადერთი, ვის შეხედულებასაც, ვის პოზიციასაც გავითვალისწინებ, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილი. ერთადერთი, ვისაც მე დავეკითხები აზრს, ეს იქნება საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. დანარჩენები ჩემთვის პირადად არარაობები ხართ, ჩარეცხილი სააკაშვილის ხელისუფლების მიერ“, — განაცხადა ბედუკაძემ.