საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ სკანდალი გრძელდება

© Constitutional Court of Georgiaსაკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მოსამართლეები და პოლიტიკოსები გაითვალისწინებენ, რომ არის ისეთი თემები, რომლებთანაც სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მათი მაღალი სტატუსიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის შესახებ შეახსენა.

ორშაბათიდან მოყოლებული ქართული საზოგადოება „უმრავლესობის“ წევრების ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძისა და საკონსტიტუციო სასამართლოს რიგი მოსამართლეების პოლემიკას ადევნებს თვალს. მწვავე დისკუსიაში ჩართული მხარეები ურთიერთბრალდებებისთვის საინფორმაციო საშუალებებს იყენებენ.

საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
განხეთქილება საკონსტიტუციო სასამართლოში

„მინდა მოვუწოდო მოსამართლეებს, რომ მათ, მათი მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, თავი შეიკავონ ერთმანეთში და პოლიტიკოსებთან საჯარო დისკუსიებისგან, მინდა ვთხოვო პოლიტიკოსებს, გადაერთონ სხვა თემებზე და დაიცვან ჩვენი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტი მასმედიაში ასეთი ფართო დისკუსიისგან“, — განაცხადა მარგველაშვილმა „TV პირველის“ ეთერში.

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მოსამართლეები და პოლიტიკოსები გაითვალისწინებენ, რომ პოლიტიკური დაპირისპირების მიღმა არის თემები, რომლებთანაც ფრთხილი დამოკიდებულებაა საჭირო.

ბესელია და ფოფხაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ნაწილს, მათ შორის, თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს სასამართლოს პოლიტიზებასა და „ნაციონალური მოძრაობის“ შეკვეთების შესრულებაში ადანაშაულებენ. მოსამართლეები, თავის მხრივ, დეპუტატებს სასამართლოს საქმეში ჩარევაში ადანაშაულებენ.

ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობა პარალიზებულია. მოსამართლეთა ნაწილი უარს ამბობს სხდომებში მონაწილეობაზე და სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს განსახილველი საქმეების შერჩევისას მიკერძოებულობაში ადანაშაულებს. სწორედ მათ უჭერენ მხარს ბესელია და ფოფხაძე. დეპუტატების განცხადებით, ამ მოსამართლეებმა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რევოლუციის მოწყობის თაობაზე ნაციონალური მოძრაობის გეგმები ჩაშალეს.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
პროკურატურა: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა შანტაჟის ფაქტები არ დაადასტურეს

ივლისის შუა რიცხვებში გიორგი პაპუაშვილი სკანდალური განცხადებით გამოვიდა. მან საჯაროდ განაცხადა, რომ მიმდინარე სასამართლო პროცესების გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება.

პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მუხლებით: „სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევა მართლმსაჯულების გამხორციელებაზე ზემოქმედების მიზნით“ და „პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა“. დაიკითხნენ მოსამართლეები.

მოსამართლეებმა პაპუაშვილის განცხადება უარყვეს. თავად პაპუაშვილი პროკურატურაში 4 აგვისტოს გამოცხადდა და მათ მის ხელთ არსებული ინფორმაცია გაუზიარა. შეხვედრის დეტალები არც პროკურატურას და არც პაპუაშვილს არ გაუხმაურებია.

ყველა ახალი ამბავი
0