ცხელი აგვისტოს საარჩევნო ჩრდილები...

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასაარჩევნო კამპანიის თავისებურებები... კარგად ნაცნობი ძველების ახალი პოლიტიკური თამაშები და მოულოდნელი საარჩევნო ალიანსები...

საპარლამენტო არჩევნებამდე არასრული ორი თვე რჩება… ცხელი აგვისტოს მიუხედავად, პოლიტიკური განკითხვის თარიღის მოახლოებასთან ერთად საარჩევნო კამპანია თანდათან ძალას იკრებს. მარათონი მალე გადამწყვეტ ფაზაში შევა, თუმცა მაყურებელთა შორის მრავლად არიან ისინი, ვისაც ფავორიტი ჯერ კიდევ არ ჰყავთ. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეეგებით გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა არ იცის ვის მისცემს ხმას. 

ლოგიკურია კითხვა — რატომ? უცხო არ იქნება, როცა ვიტყვი, რომ არჩევნებისადმი საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმის მიზეზად ექსპერტ-ანალიტიკოსების და პოლიტოლოგების უმრავლესობა პოლიტიკური ძალების „მოღვაწეობით“ გამოწვეულ იმედგაცრუებას ასახელებს.

არჩევნები - Sputnik საქართველო
NDI უარს ამბობს საქართველოში არჩევნების შედეგების პროგნოზირებაზე

არის სხვა მოსაზრებაც.  ერთი ნაწილი თვლის, რომ დაიწყო და თანდათან ვითარდება საზოგადოების დეპოლიტიზაციის პროცესი. ანუ ხალხი სულ უფრო ნაკლებ დროსა და ყურადღებას უთმობს პოლიტიკას. ნათქვამის დასტურად მრავალი ციტატის მოშველიება შეიძლება, თუმცა ამის საჭიროებას ვერ ვხედავ… შორს წაგვიყვანს და თანაც ამჯერად ჩვენი მიზანი საარჩევნო კამპანიის შეფასებაა და არა „სახელოვანი“ პოლიტიკური ისტებლიშმენტის „ნამოღვაწარის“ ანალიზი. 

რა იკვეთება ამ ეტაპზე და როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში…

ანალიტიკოსი ალექსანდრე თვალჭრელიძე: „რამდენიმე დასკვნის გაკეთება უკვე შეიძლება. პირველი, საზოგადოებაში განწყობა მშვიდია და თუ არ ჩავთვლით ქართული ხასიათისთვის დამახასიათებელ ცალკეულ გადახრებს, საარჩევნო კამპანია ჩვენში ისე მიმდინარეობს, როგორც ევროპულ ქვეყნებში. მეორე, ძალიან მომწონს, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს თავისი სიმპათიები ჯერ არ გაურკვევია. ეს საზოგადოების დეპოლიტიზაციის მკაფიო ნიშანია, რაც ძალიან კარგია. არჩევნებთან მიმართებაში თავისი პოზიცია ჯერ მხოლოდ პარტიების აქტიურ მხარდამჭერებს, როგორც მათ ევროპაში ეძახიან — „პარტიზანებს“ აქვთ გამოკვეთილი. მეჩვენება, რომ „ნაცმოძრაობა“ მეტ მხარდამჭერს ვერ მოიხვეჭს, მით უმეტეს, რომ იგი სამად, ან, უფრო ზუსტად, ოთხად გახლეჩილია. „ქართულ ოცნებას“ კი ამომრჩევლები შეემატება. მესამე. მე მეჩვენება, რომ პარლამენტი მრავალპარტიული იქნება და ესეც არ არის ცუდი… “ 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: ეს საპარლამენტო არჩევნები იქცა ჩვენი მდგრადი დემოკრატიის ტესტად

ორიოდე სიტყვა მის უდიდებულესობა ამომრჩეველზეც ვთქვათ. ჩვენი ამომრჩეველი წლების მანძილზე არ ენდობოდა არც დოქტრინიორებს და არც პოპულისტებს, სამაგიეროდ ნდობას უცხადებდა იმათ, ვისშიც კონკრეტულ ისტორიულ მომენტში რაღაც ძალზე მნიშვნელოვანის გაკეთების უნარს გრძნობდა, ხოლო როდესაც ეს კონკრეტული მავანი საკუთარი თავის განმეორებას იწყებდა და სიტუაცია ჩიხში შეჰყავდა, უკუაგდებდა მას. 

პოლიტიკა არც მხოლოდ პროგრამული დოკუმენტების შექმნის უნარია და არც მხოლოდ პიარი. ისეთი პოლიტიკური ჯგუფებიც გვინახავს, ვისაც არაჩვეულებრივად დახვეწილი საპროგრამო დოკუმენტი შეუქმნიათ და ბეჯითი მოწაფეებივით ასრულებდნენ პიარის უცხოელი სპეციალისტების დავალებებს, მაგრამ არაფერი გამოსვლიათ. შემდეგ კი, ცხადია, ჩიოდნენ და კიდევ დაიჩივლებენ, რომ მათ ვერ გაუგეს და რომ არავინ ჩაიხედა მათ პროგრამებში.

საინტერესოა ამჯერად რა იქნება არჩევანის ორიენტირი. 

ანალიტიკოსი ზაზა ფირალიშვილი: „კიდევ გარკვეული დროა საჭირო, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა პიროვნულ უნართან ერთად საპროგრამო დოკუმენტიც დააფასოს და მხოლოდ მავანის ზოგად განცხადებებს არ დასჯერდეს. ეს პროცესი უკვე მიდის. ამომრჩეველმა უკვე იგრძნო, რა ხეირს უქადის მას პოლიტიკურ ძალათა შორის კონკურენცია. შესაბამისად ამით მისი დამოკიდებულება პოლიტიკური ცხოვრების მიმართ თანდათან, მაგრამ საიმედოდ იცვლება. როგორც კი ამომრჩეველი იგრძნობს, რომ პოლიტიკოსი ან პოლიტიკური ძალა მასზე მაღლა აყენებს თავს და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სიმაღლიდან ერთგვარ პედაგოგიურ ფუნქციას კისრულობს, ჩათვალეთ, რომ ის გაირიყება და მარცხისთვის არის განწირული. ახლა არ დავასახელებ კონკრეტულ მაგალითებს. თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომლებია ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც ეს შეცდომა დაუშვეს. 

პარლამენტი - Sputnik საქართველო
„ახალი“ პოლიტიკური სპექტაკლის ძველი სცენარი, ანუ როგორ დავაბნიოთ ამომრჩეველი ...

თუ ამომრჩეველი პოლიტიკოსში ვერ გრძნობს გულწრფელობას, ნებას და ენერგიას, ჩავთვალოთ, რომ მას ტყუილად უთენებია ღამეები საპროგრამო დოკუმენტების შესაქმნელად. ჩვენი ამომრჩეველი თავისი თავის პიარ ხრიკებით გაბითურებაზეც ხუჭავს თავს, თუ მიიჩნევს, რომ „ახლა ასეა საჭირო“ და რომ ამჟამად ალტერნატივა არ არსებობს. ამაშიც ჩანს მისი პრაგმატული სიბრძნე. მე მიხეილ სააკაშვილის წარმატებისა და მარცხის საიდუმლოც სწორედ აქ მეგულება… საკამათო არ არის, რომ რაღაც დროის განმავლობაში უბრალო მოქალაქე მზად იყო, მოეთმინა ჰიპერტროფირებული პიარიც და ძალადობაც, სანამ გრძობდა, რომ ყველაფერი ეს საშუალებას აძლევდა ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი შლაკისაგან გათავისუფლებულიყო. მერე კი, როდესაც ყველაფერი ეს წრეზე დატრიალდა და ტკივილისა და ტოტალური სიცრუის მეტი არაფერი მოჰქონდა, ახალი არჩევანი გააკეთა… მოკლედ, ჩვენ ყველანი ახლაღა ვიძენთ იმ გამოცდილებას, რომლის შეძენის საშუალებაც აქამდე არ გვქონია…“

პოლიტიკური ასპარეზობის მონაწილეთა სასტარტო პოზიციები და პირადი შემადგენლობა თანდათან იკვეთება. ისიც ირკვევა ვინ ვის დაუმეგობრდება და ვინ აპირებს დისტანციის ეულად დაფარვას. ბევრი მოულოდნელობა უკვე იყო და სავარაუდოდ მომავალშიც იქნება… 

„განგვასხვავებს წარსულის შეფასება და გვაერთიანებს მომავლის ხედვა“ — განაცხადეს კარგად ნაცნობმა ძველმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა გიორგი ვაშაძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, მამუკა კაციტაძემ და საზოგადოებას „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანის“ სახით ალტერნატივა შესთავაზეს…

საარჩევნო სიები - Sputnik საქართველო
KAR.GE ამომრჩევლებს პარტიების ეკონომიკური პროგრამებით დაინტერესებას ურჩევს
 

ამასობაში „ქართული ოცნება” ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული გემოვნების ამომრჩევლის მიმხრობას ცდილობს, მაგრამ თავად ხდება მრავალსახოვანი და თანაც ერთობ ძნელადაღსაქმელი. არის მოსაზრება, რომ „ქართული ოცნება“ თავისი არსით უფრო სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიის მქონე პარტიაა, ხოლო მისი ლიდერი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კი აშკარად მემარჯვენე შინაარსის განცხადებებს აკეთებს. საინტერესოა რაზე მიანიშნებს ეს ყველაფერი… 

ალექსანდრე თვალჭრელიძე: „ძალიან სამწუხაროა „ახალი მემარჯვენეების“ ალიანსი „ნაციონალების უკანონო შვილებთან“. თავის დროზე, მე ვიყავი ახალი მოძრაობა ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და გულახდილად ვურჩევდი დავით გამყრელიძესა და ლევან გაჩეჩილაძეს, რომ ეს მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად არ გადაეკეთებინათ. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ სწორი ვიყავი. ჩვენ დავკარგეთ ჯანსაღი, ძლიერი და თავის დროზე ძალიან პოპულარული სამოქალაქო საზოგადოებრივი გაერთიანება. მივიღეთ სუსტი პოლიტიკური პარტია, რომელიც იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეებთან ერთიანდება, ოღონდ კი პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა შეიქმნას. სავალალოა…

 ახლა რაც შეეხება მმართველ პარტიას. მეჩვენება, რომ საქმე სავალალო არ არის… „ქართულ ოცნებას“ მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური და საზოგადოებრივი იდეოლოგია გააჩნია. ეს არის პირადი თავისუფლება და პირად თავისუფლებაზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე,  ბატონი ბიძინა ივანიშვილის პასუხი უცხოელი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ტიპის საზოგადოების აშენება სურს მას, ქართულ რეალობებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის დემოკრატია, იყო პასუხი და ”ქართული ოცნება” ამას აკეთებს. ჩვენ თავისუფლად ვსუნთქავთ, ვაკრიტიკებთ, როცა გვინდა, მთავრობას და არ გვეშინია. ეხლა, ევროპული ტიპის დემოკრატია მარტო თავისუფალ საბაზრო ურთიერთობებზე დაფუძნებული საზოგადოება არ არის. ეს არის საზოგადოება, სადაც მოქალაქეებს აქვთ ნორმალური ცხოვრების სრული გარანტიები, მათ შორის — სოციალური გარანტიები. ამიტომ, როცა მთავრობა აფუძნებს სოციალურ ინსტიტუტებს, ქმნის და ხვეწავს სოციალური დაზღვევის სისტემას, ეს არ ნიშნავს, რომ იქმნება სოციალურ-დემოკრატიული საზოგადოება. საქართველოში სახელმწიფოს სამეწარმეო საქმიანობა კანონით ეკრძალება. ეს არ არის სოციალურ-დემოკრატიული საზოგადოება. დიახ, ეს არის ანგლო-საქსური მოდელის ლიბერალური საზოგადოება, სადაც იქმნება სოციალური უზფუნველყოფის ელემენტები…“ 

წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი ეტაპი წინ არის, დარწმუნებული ვარ ცელსიუსით ტემპერატურის კლებასთან ერთად პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა მოიმატებს და უახლოეს მომავალში კიდევ მრავალი სიურპრიზი გველის…


ყველა ახალი ამბავი
0