თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ეს საპარლამენტო არჩევნები იქცა ჩვენი მდგრადი დემოკრატიის ტესტად და ყველანი მოწოდებული ვართ, ის უმაღლესი სტანდარტებით ჩავატაროთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ამბასადორიალი 2016“–ზე, საქართველოს დიპლომატიურ კორპუსთან შემაჯამებელი შეხვედრისას.
თბილისში 26-29 ივლისს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა — ამბასადორიალი —გაიმართა. ამბასადორიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო სამინისტროს ხელმძღვანელობამ და დიპლომატებმა გაწეული საქმიანობა შეაფასეს და მომავალი წლის სამუშაო გეგმები დასახეს. ამბასადორიალის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, ბიზნესწრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ამბასადორიალი პრემიერთან შეაჯამებელი შეხვედრით დასრულდა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, დაიხვეწა და გაუმჯობესდა კანონმდებლობა, ასევე, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.
„ამ ყველაფრის მიზანია, მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ ისეთი ექსცესები, როგორიც იყო ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ უბანზე, ადგილობრივი არჩევნების დროს. ეს იყო ძალიან სამწუხარო ფაქტი და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვა, თუმცა, გარკვეული პრევენციის როლიც ითამაშა მომავალი არჩევნებისთვის", — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს დეტალურად ესაუბრა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგის შესახებ, რომელიც განათლების სისტემის ძირეულ რეფორმას, ეკონომიკური რეფორმების ბლოკს, მმართველობის რეფორმას და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას გულისხმობს.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრები 15 წელია იმართება.
ამჟამად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მსოფლიოს მასშტაბით 127 დიპლომატიური მისია აქვს.