თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. მოძრაობა KAR.GE პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამების შესწავლას გეგმავს, განუცხადა Sputnik-s მოძრაობის დამფუძნებელმა ტარიელ ზივზივაძემ.
„ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს რამე შთავაგონოთ, ჩვენ შევაფასებთ თუ რამდენად რეალისტურია ან პოპულისტური პოლიტიკური სუბიექტების მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური პროგრამები არსებული გამოწვევების ფონზე და გაკეთებულ დასკვნებს ეტაპობრივად გამოვაქვეყნებთ“-აღნიშნა ტარიელ ზივზივაძემ.
ტარიელ ზივზივაძეს მიაჩნია, რომ 8 ოქტომბერს არჩევანის გაკეთებისას მოქალაქეები პირველ რიგში პარტიების ეკონომიკური პროგრამებით უნდა ხელმძღვანელობდნენ. სწორი არჩევანის გასაკეთებლად კი მიუკერძოვებელი მოსაზრებების მოსმენა მათთვის მნიშვნელოვანი იქნება.
„თუ ჩვენ გვინდა მეტი დასაქმება, მეტი ეკონომიკური ზრდა და მეტი სიმდიდრის დაგროვება, ამის მისაღწევად ერთადერთი გზა — ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა. ამიტომ ეკონომიკურ პროგრამებს პირველ რიგში სწორედ იმ კუთხით შევაფასებთ თუ რამდენად განაპირობებს ისინი ამას — განაცხადა მოძრაობის დამფუძნებელმა.
ბოლო მონაცემებით 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია ცესკოში უკვე ოცმა პარტიამ გაიარა, ცესკო ვალდებულია ყველა პარტიის რეგისტრაცია არჩევნებამდე 30 დღით ადრე დაასრულოს და პარტიების საბოლოო სია საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს.
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 3 513 260 ამომრჩეველს შეუძლია.