მიუხედავად იმისა, რომ იზორია პოსტზე იქნება მხოლოდ პარლამენტის დეპუტატების მიერ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე, მისმა დანიშვნამ კოალიციის ყოფილ წევრებს —„ქართულ ოცნებასა“ და „რესპუბლიკურ პარტიას“ შორის კონფლიქტი გამოიწვია.
კოალიცია, რომელმაც 2012 წლის ოქტომბერში არჩევნების შედეგად მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ჩამოაშორა, ოთხი წლის შემდეგ დაიშალა. თავდაცვის მინისტრის შეცვლა სწორედ იმიტომ გახდა საჭირო, რომ „რესპუბლიკური პარტია“ კოალიციიდან წავიდა. მთავრობაში მას სამი მინისტრი ჰყავდა-თავდაცვის, შერიგებისა და გარემოს დაცვის.
კოალიციის დაშლის შემდეგ მხოლოდ ორი მინისტრი წავიდა-თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და შერიგებისა და საკოქალაქო თანასწორობის საკითხების სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა „ქართული ოცნების“ მთავრობაში ახალი მთავრობის დამტკიცებამდე დარჩენა გადაწყვიტა. დარჩება თუ არა ის ახალ მთავრობაში 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ გადაწყდება.
თავდაცვის სამინისტრო — განხეთქილების ვაშლი
თავდაცვის სამინისტრო კოალიციისათვის ყველაზე რთული სამინისტრო გახდა.
2014 წელს იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, თავდაპირველად კოალიციის შიგნით კრიტიკის ობიექტი გახდა, მერე კი მისი სამინისტროს საქმიანობით პროკურატურა დაინტერესდა.
თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მესამე ბრალდების შემდეგ ალასანიამ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლურ კურსს გადაუხვია, და იმავე საღამოს ის მოხსნეს თანამდებობიდან. მეორე დღეს მისმა პარტიამ ხმაურიანი სკანდალით დატოვა კოალიცია.
ალასანია შეცვალა საქართველოს შს სამინისტროს კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსმა მინდია ჯანელიძემ. ნახევარი წლის მერე მინისტრის პოსტი თინათინ ხიდაშელმა დაიკავა, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთერთმა ლიდერმა, და თავდაცვის სამინისტრო ისევ კრიტიკის ობიექტი გახდა.
თინათინ ხიდაშელს, როგორც ირაკლი ალასანიას, კოალიციის წევრები ნატოსკენ ღია მისწრაფების გამო აკრიტიკებდნენ. მოგვიანებით „მრეწველების“ პარტიის წევრმა გიორგი თოფაძემ ხიდაშელს შუალედური არჩევნების შედეგების გაყალბება დააბრალა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეწყვიტა პოლემიკა კოალიციურ პარტიებს შორის. ორი თვის შემდეგ, 2016 წლის იანვარში, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ კოალიციის დაშლისა და არჩევნებში ცალცალკე მონაწილეობის შესახებ განაცხადეს.
„რესპუბლიკური პარტია“ ნომინალურად დარჩა კოალიციაში და „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერდა, მაგრამ უკვე ივლისში, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ საბოლოო წასვლისა და მმართველი პარტიისათვის სამინისტროების გადაცემის შესახებ განაცხადა.
წასვლის წინ თინათინ ხიდაშელმა მოსახლეობაში ყველაზე პოპულარული გადაწყვეტილება მიიღო ჯარში ვადიან სამსახურში გაწვევის გაუქმების შესახებ
უკმაყოფილება და კონფლიქტი
ახალი თავდაცვის მინისტრი ხიდაშელს არ მოეწონა. მან ფაქტიურად ხელისუფლება დაადანაშაულა თავდაცვის სამინისტროს სუს-ის ფილიალად გადაქცევაში.
"პრემიერ-მინისტრი დღეს მთავარ შეცდომას უშვებს. თავდაცვის სამინისტრო ეს არის სამოქალაქო უწყება , რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია როგორც საგარეო ურთიერთობებში, ასევე საქართველოს ინტეგრაციის გზაზე. იმის გამო, რომ ეს არის სამოქალაქო უწყება, ძალიან ცუდი გზავნილია. ჯერ ალასანია — სამოქალაქო, გახსნილი მინისტრი ჩაანაცვლა უშიშროების წარმომადგენელმა და შემდეგ მე ჩამანაცვლა ასევე უშიშროებამ“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ხიდაშელს სრულიად ეთანხმება მისი მეუღლე, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. თუმცა ის როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი იზორიასთან თანამშრომლობას აპირებს.
ხიდაშელის განცხადებამ და მისმა შედარებებმა მმართველ პარტიაში გაკვირვება გამოიწვია.
„ძალიან არაადეკვატური კომენტარები იყო სამწუხაროდ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც ქალბატონი თინა და ბატონი დავითი დაძლევენ ამ ემოციებს, ისინი სხვაგვარ კომენტარებს გააკეთებენ“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.
იზორიას დანიშვნით ოპოზიციაშიც უკმაყოფილონი არიან.
„ქვეყნისათვის არაფერს ნიშნავს ივანიშვილის მარიონეტების შეცვლა. თუმცა ეს გადანაცვლება მხოლოდ ცუდს ნიშნავს, რადგან ის თავდაცვის სამინისტროზე ზეგავლენას ახდენს“,-განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
„თავისუფალი დემოკრატების პარტია“ სრულიად ეთანხმება იმას, რომ თავდაცვის სამინისტროს სპეცსამსახურების თანამშრომელი არ უნდა ხელმძღვანელობდეს.
„ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ ის მინდია ჯანელიძის, როგორც სპეცსამსახურების წარმომადგენლის საქმეს გააგრძელებს, და ასევე იმას, რომ პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის სამინისტროში უპირატესობა არა პოლიტიკურ ლიდერს, არამედ კარგ შემსრულებელს მიანიჭა“,-განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ნინო გოგუაძემ.