თბილისი, 11 მარტი — Sputnik. პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერი გოგი თოფაძე, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში შედის, თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის წინააღმდეგ კომპრომატების გამოქვეყნებით იმუქრება.
თოფაძემ ხიდაშელს 2015 წლის გაზაფხულზე ჩატარებული საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი. პოლიტიკოსების ურთიერთბრალდებებმა მმართველ კოალიციაში დაძაბულობა გამოიწვია.
„თავიდან მან (ხიდაშელი) გაამწვავა სიტუაცია, როდესაც მე შეურაცხყოფა მომაყენა. ერთი სიტყვით, ჩვენ არ ვრეაგირებთ პატარ-პატარა გამოხტომებზე იქამდე, სანამ ზღვარს არ გადავლენ. ჩვენ შეგვიძლია პრესაში საკმაო მასალები გამოვაქვეყნოთ და ისეთი რამეები გავასაჯაროოთ, რითაც ალბათ, ისინი უკმაყოფილოები იქნებიან“, — განაცხადა გოგი თოფაძემ "მეორე არხზე".
საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გასულ კვირას თოფაძე-ხიდაშელის კონფლიქტის კომენტირებისას განაცხადა, რომ დაძაბულობა კოალიციის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.
არჩევნები საგარეჯოში 2015 წლის ოქტომბერში ჩატარდა. კენჭისყრის შედეგად მმართველი კოალიციის წევრი „რესპუბლიკელების“ კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა 49,5%-ით გაიმარჯვა და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს ირმა ინაშვილს მხოლოდ 3,67%-ით აჯობა.
ოპოზიციის აზრით, არჩევნების შედეგებზე მუხროვანის ბაზაზე განთავსებული სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობამ, ასევე ხმების დათვლის დროს თავდაცვის მინისტრის ადგილზე ყოფნამ იმოქმედა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამასთან დაკავშირებით 25 თებერვალს სისხლის სამართლის საქმე აღძრა „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ მუხლით.
მიხეილ სააკაშვილის მთავრობის შემდეგ 2012 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ კოალიცია მოვიდა.
ამჟამად მმართველ კოალიციაში შედიან პარტიები „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „კონსერვატორთა პარტია“, "ეროვნული ფორუმი“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.