თბილისი, 4 მარტი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ კოალიციის შენარჩუნებაზე მუშაობს, განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
გასულ დღეებში პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, შეხვედრა გამართა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებთან. „რესპუბლიკელებს“ ამჟამად “მრეწველთა“ პარტიასთან დაძაბული ურთიერთობები აქვთ. ორივე პარტია მმართველ კოალიციაში შედის.
„კოალიციის შენარჩუნება არჩევნებში შედეგების მიღწევის მხრივ ნაკლებად მნიშვნელოვანია. ჩვენ გამარჯვების მიღწევა თავისუფლად შეგვიძლია იმ შემთხვევაშიაც კი, თუ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, კოალიციის შენარჩუნებაზე სწორედ იმიტომ ვმუშაობთ, რომ ჩვენთვის საკოალიციო პლურალიზმის შენარჩუნებაა მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კობახიძემ „რუსთავი–2“–ის ეთერში.
სიტუაცია კოალიციაში მას შემდეგ დაიძაბა, რაც „მრეწველების“ ლიდერმა გოგი თოფაძემ საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელს 2015 წლის ოქტომბრის საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი. საპასუხოდ თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თოფაძის უკან რაღაც ძალები დგანან, რომლებიც საქართველოს პროდასავლური კურსის წინააღმდეგ გამოდიან.
მიხეილ სააკაშვილის მთავრობის შემდეგ 2012 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ კოალიცია მოვიდა.
ამჟამად მმართველ კოალიციაში შედიან პარტიები „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „კონსერვატორთა პარტია“, "ეროვნული ფორუმი“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.